წილოსანი: საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენ წინაშე იყო დაწესებული
„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს სწორედ ის აფერხებს, რომ საქართველო ყველა დაწესებულ პირობას ასრულებს.
„ფაქტია, რომ ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. თუმცა რაც აფერხებს ამ პროცესს, ეს არის ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენ წინაშე იყო დაწესებული. ამიტომ კარგია, რომ ეს სხვისი გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები ვერ აბიჯებენ წესებს“, — განაცხადა წილოსანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება. რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე „ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების“ საკითხი განიხილება. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ EU-ს სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს.