ჯანგირაშვილი: ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი შეცვლის
„ტვ კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების აღსასრული გარდაუვალია.
„ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკითხია მისი ძალაუფლების არსებობა. და თან ეს დროც საკმაოდ შეზღუდულია. ივანიშვილი უცხო სხეულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ უკვე მთელი რეგიონისთვისაც. ივანიშვილი უცხო სხეულია დასავლურ გეოპოლიტიკურ განლაგებაშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, უცხო სხეულია თვით რუსეთისთვისაც კი. და შეუძლებელია, რომ ის არ განიდევნოს“, — წერს ჯანგირაშვილი.
ის ივანიშვილს ცოცხალ ორგანიზმში მოხვედრილ უცხო სხეულს ადარებს: „ცოცხალ ორგანიზმს აქვს ერთი თვისება — ის ყოველთვის ცნობს უცხო სხეულს. თავიდან უცხო სხეული შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, ქსოვილებში დაიმალოს, ორგანიზმს მოერგოს, თითქოს მის ბუნებრივ ნაწილად იქცეს, მაგრამ სხეული მაინც გრძნობს შეუსაბამობას. იწყება გაღიზიანება, ანთება, ტკივილი და, ბოლოს, იმუნური სისტემა ერთვება საქმეში. ორგანიზმი უცხო სხეულს ან იზოლაციაში აქცევს, ან გარეთ განდევნის“.
ჯანგირაშვილის თქმით, ქართული სახელმწიფოს ორგანიზმმა დიდი ხანია ამოიცნო ივანიშვილი, როგორც უცხო სხეული, რომელიც არ ჯდება ქვეყნის ბუნებრივ ისტორიულ, კულტურულ და გეოპოლიტიკურ ლოგიკაში. „ის არ მოძრაობს იმავე მიმართულებით, საითაც ქვეყანა. მისი სისტემა მუდმივად ცდილობს ქვეყნის ბუნებრივი მოძრაობის შეჩერებას, გადახრას, დაყოვნებას. ამის გამო წლებია წვალობს თვითონაც და აწვალებს ქვეყანასაც“, — აღნიშნავს ის.
მისი შეფასებით, სამხრეთ კავკასია იცვლება. სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება იმის ნიშანია, რომ სომხურმა საზოგადოებამ, რუსეთის მრავალწლიანი გავლენის მიუხედავად, ევროპასთან და დასავლურ სამყაროსთან დაახლოების გზა აირჩია. ჯანგირაშვილის თქმით, აზერბაიჯანიც სულ უფრო შორდება რუსულ ორბიტას და დიდ დასავლურ ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და გეოეკონომიკურ პროექტებში ერთვება. ამ ფონზე საქართველო, რომელიც ისტორიულად რეგიონის დასავლური კარიბჭე უნდა ყოფილიყო, ხელოვნურადაა გაჩერებული, ამ გაჩერების მთავარი მიზეზი კი ივანიშვილის სისტემაა.
„ივანიშვილი უცხო სხეულია დასავლური გეოპოლიტიკური განლაგებისთვისაც. არაფორმალური ძალაუფლება, შიში, ტოტალური კონტროლი, პროპაგანდა და ინსტიტუტების კერძო ინტერესზე დაქვემდებარება შეუთავსებელია დასავლურ წესრიგთან“, — წერს ის.
ჯანგირაშვილის თქმით, ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ივანიშვილი რუსეთისთვისაც კი უცხო სხეულია: „რუსეთს შეიძლება აწყობდეს მისი მოღვაწეობის შედეგი — დასუსტებული საქართველო, შეჩერებული ევროპული ინტეგრაცია, დაყოფილი საზოგადოება, დისკრედიტებული დემოკრატია. მაგრამ თავად ივანიშვილი რუსეთისთვისაც არ არის „თავისი“. ის არის რუსეთის დროებითი მოკავშირე, სასარგებლო ფიგურა, რომელსაც იყენებენ, სანამ საჭირო ფუნქციას ასრულებს“.
„ივანიშვილის ტრაგედია ის არის, რომ ის ვერსად გახდა ორგანული“, — ასკვნის ჯანგირაშვილი და დასძენს, რომ ივანიშვილის სისტემა შეიძლება კვლავ ფლობდეს ინსტიტუტებს, ფულს, პროპაგანდასა და ძალოვან რესურსს, მაგრამ მას აღარ აქვს მთავარი — ისტორიული შესაბამისობა არცერთ სივრცეში. „ივანიშვილის ძალაუფლების ტრაგიკული აღსასრული უბრალოდ გარდაუვალია“.