← მთავარი
მსოფლიო

მიწისქვეშა დეტექტორით "მოჩვენება ნაწილაკის" შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
მიწისქვეშა დეტექტორით

ჩინეთში არსებულმა Jiangmen Underground Neutrino Observatory (JUNO)-მ აგვისტოში მონაცემების შეგროვება დაიწყო. მიზანი ნეიტრინოს უკეთ შესწავლა იყო. ეს ძალიან მსუბუქი ნაწილაკია, ამიტომ მასზე დაკვირვება საკმაოდ რთულია. JUNO-ს გუნდმა პირვანდელი მიგნებები მონაცემების შეგროვებიდან 2 თვეში წარმოადგინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი გაზომვებია, რომლებიც კაცობრიობას ამ ნაწილაკის შესახებ ოდესმე მოუპოვებია. ნეიტრინოს 3 ტიპი არსებობს. ეს ნაწილაკი მოძრაობის დროს ერთი ფორმიდან მეორეში გადადის ხოლმე. ახალი ნაშრომის ავტორებმა უკვე არსებულ მონაცემებთან შედარებით 1,6-ჯერ უფრო ზუსტად გაზომეს, თუ რამდენად ხშირად ხდება ეს გადასვლები. JUNO-ს დეტექტორი წრიული ფორმისაა და მიწის ქვეშ 700 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. მისი მთავარი ამოცანა ანტინეიტრინოებზე დაკვირვებაა, რომლებიც ორ ახლომდებარე ელექტროსადგურში წარმოქმნილი შეჯახებების შედეგად ჩნდება. ანტინეიტრინო ნეიტრინოს ანტინაწილაკია, თუმცა მასზე არანაკლებ იდუმალი. მათზე დაკვირვებით ნეიტრინოების შესახებაც შეგვიძლია ბევრი გავიგოთ. ამასთან, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ JUNO-ს დეტექტორის დახმარებით ნეიტრინოს თითოეული ტიპის მასას დავადგენთ.ჯერჯერობით მიიჩნევა, რომ ორ ტიპს ერთმანეთის მსგავსი მასა აქვს, მესამეს კი — განსხვავებული. უცნობია, ორი მძიმეა და ერთი მსუბუქი, თუ პირიქით. პირვანდელი შედეგებით ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. მეორე მხრივ, ეს მიგნებები JUNO-ს დეტექტორის შესაძლებლობებს ცხადყოფს. საკითხის კვლევაში მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კიდევ ორი მსგავსი ნეიტრინოს დეტექტორი ჩაერთვება. ერთი მათგანი იაპონიაშია, მეორე კი აშშ-ში. მათი მიზანი JUNO-ს დეტექტორის შედეგების პარალელურ რეჟიმში გადამოწმება იქნება. ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.

← მთავარი