← მთავარი
მსოფლიო

"შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ კიდევ არ იცის, რა წერია აშშ-ირანის შეთანხმებაში. “შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება - არც დღეს და არც ხვალ. სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ეს მისი ცხოვრებისეული მისიაა.

მისი თქმით, ისრაელმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ოპერაცია განახორციელა.

“მიზანში ამოვიღეთ ბირთვული მეცნიერები, გავანადგურეთ ტერორისტული რეჟიმის ლიდერები, გავანადგურეთ ბირთვული ობიექტები, რაკეტები და ქარხნების დიდი უმრავლესობა, რომლებიც რაკეტებს აწარმოებენ, გავანადგურეთ მათი საზღვაო ფლოტი, მათი საჰაერო ძალები. გავანადგურეთ ბაზების მეთაურები, რომლებმაც ირანელი ხალხი დახოცეს. ირანის ეკონომიკას უზარმაზარი ზიანი მივაყენეთ“, - აღნიშნა ნეთანიანუმ. მისი თქმით, ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამა გაანადგურა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რომელიც თაობებს გაუძლებს. “ისრაელმა აღმოფხვრა ისრაელის მოსახლეობის განადგურების საფრთხე, რომელიც წლების განმავლობაში გვემუქრებოდა. ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ - გადავარჩინეთ ისრაელის სახელმწიფო განადგურებისგან“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის ჯარები სამხრეთ ლიბანის “ბუფერულ ზონაში” იმდენხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება. პრემიერ-მინისტრის ქმით, ისრაელი არ არის აშშ-ირანის შეთანხმების ხელმომწერი მხარე. “ეს შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დადო. და ის თვლის, რომ ნამდვილად შეუძლია გააერთიანოს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვული პროგრამის გაუქმება. ვიმეორებ და ვამბობ, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი სხვადასხვა საუბრებში გამოვთქვი. მეორეს მხრივ, მე ვთქვი, რომ გვაქვს ჩვენი ინტერესები - პირველ რიგში, ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით. ვალდებული ვარ, რომ ჩვენს წინაშე ასეთი საფრთხე არ დადგეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

← მთავარი