Nestlé-ს მიერ შიდა გამოძიების დაწყების ფონზე, P&G ტელეკომპანია „იმედთან“ კავშირს წყვეტს
ამერიკულმა კომპანიამ Procter & Gamble Company (P&G) გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ კავშირი გაწყვიტა, ხოლო შვეიცარიაში დაფუძნებულმა მსოფლიოში უდიდესმა საკვებისა და სასმელების მწარმოებელმა კომპანია Nestlé-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც, სანქციების მიუხედავად, არხზე მისი პროდუქციის რეკლამირება მაინც გრძელდებოდა, იტყობინება ბრიტანული ბიზნეს გამოცემა City A.M.გაერთიანებულმა სამეფომ 24 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ზომების ფარგლებში სანქციები დაუწესა საქართველოს ორ მთავარ სახელისუფლებო არხს, „იმედსა“ და POSTV-ს იმ მოტივით, რომ ისინი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას“ ავრცელებენ, რაც ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს.City A.M-მა 23 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია P&G-მ, რომელიც ისეთი ბრენდების უკან დგას, როგორიცაა Gillette, Pampers და Head & Shoulders, საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა ტელეკომპანია „იმედთან“ მას შემდეგ, რაც სანქციების მიუხედავად, კომპანია არხზე თვეების მანძილზე რეკლამის განთავსებას განაგრძობდა. „P&G-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, კომპანიამ ორშაბათს მედია კომპანიასთან თანამშრომლობა გააუქმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.ამავდროულად, იმავე გამოცემამ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ Nestlé-მ ახლახანს ამავე საკითხზე შიდა გამოძიება დაიწყო, რომელიც ბრიტანეთის სანქციების მიუხედავად „იმედზე“ მისი პროდუქციის რეკლამირებას უკავშირდება. 22 ივნისის სტატიაში მოყვანილია Nestlé-ს წარმომადგენლის ციტატა: „გვსურს დაგარწმუნოთ, რომ Nestlé იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას და ეს ასევე მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოში“.City A.M-მა ასევე აღნიშნა, რომ სანქციების გამოცხადების შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდმა „დაუყოვნებლივ გაწყვიტა კავშირი“ ტელეკომპანია „იმედთან“, „მათ შორის BBC-მ, რომელმაც საცეკვაო შოუს Strictly Come Dancing-ის ლიცენზია მისცა „იმედს“, თუმცა მეორე დღეს ეს ლიცენზია გააუქმა“.ტელეკომპანია „პირველის“ მიერ თანამშრომლობის შეწყვეტის თემაზე დასმულ კითხვაზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 ივნისს განაცხადა, რომ „საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ მინისტრმა [კირ სტარმერი], რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან. ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს“.„სირცხვილია რაც მოხდა. ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი…დანარჩენი არ არის საინტერესო. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც ტელეკომპანია POSTV-ს არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული“, – დასძინა მან.