← მთავარი
საზოგადოება

Nestlé-მ რეკლამის სანქცირებულ TV იმედზე განთავსების საკითხზე შიდა გამოძიება დაიწყო

22 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
Nestlé-მ რეკლამის სანქცირებულ TV იმედზე განთავსების საკითხზე შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია ნესტლემ (Nestlé) შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი პროდუქციის რეკლამა სანქცირებულ, პროპაგანდისტულ TV იმედზე განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა City AM ავრცელებს. 

“გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ ნესტლე იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციებს - და ეს ეხება საქართველოში ჩვენს საქმიანობასაც”. - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

გამოცემა წერს, რომ ნესტლეში დაწყებულ გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ლიან გეილი ხელმძღვანელობს. ასევე, მათივე ცნობით, პროცესში მონაწილეობს ლონდონის იურიდიული გუნდის წარმომადგენელი, მარკ მორის ჯონსიც.

City AM წერს, რომ ნესტლე TV იმედთან კომერციულ ურთიერთობას მას შემდეგაც ინარჩუნებდა, რაც არხი გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა. მათივე ინფორმაციით, დასანქცირების შემდეგ, არხთან კავშირი არაერთმა გლობალურმა ბრენდმა გაწყვიტა, მათ შორის, BBC-მ, რომელმაც TV იმედს სატელევიზიო შოუ ცეკვავენ ვარსკვლავების ლიცენზია შეუჩერა.

გაერთიანებულმა სამეფომ ტელეკომპანია იმედი “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო 2026 წლის 24 თებერვალს დაასანქცირა. 

“TV იმედი განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას.

ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის “მარიონეტი”, კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოში დესტაბილიზაციას” - ეწერა განცხადებაში.

← მთავარი