საზოგადოება
22 წლის ნატო ვაჩნაძის დღემდე უცნობი, უნიკალური ფოტო და მისი ისტორია
“მინდა გითხრათ, რომ ნატო ვაჩნაძისა და ჯაფარიძეების ოჯახის მეგობრული ურთიერთობა მათი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. რისი დასტურიც იყო ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 14 წლის ელდარ შენგელაიას აყვანა მწვერვალ ყუროზე..” - გვეუბნება გეოგრაფი, მეცნიერი, მკვლევარი, ჟურნალისტი, სპორტსმენი ივანე ჯაფარიძე, რომელმაც დიდი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის უნიკალურ ფოტო მოგვაწოდა და მისი ისტორიაც მოგვიყვა:
ივანე ჯაფარიძე
- მთამსვლელ ჯაფარიძეთა ოჯახის არქივი ინახავს ახალგაზრდა, 22 წლის ნატო ვაჩნაძის ფოტოს, რომელსაც უკანა მხარეს აწერია - “მყინვარ-წვერი 1926 წ.” ვფიქრობ, აღნიშნული ფოტო ბიძაჩემის - ცნობილი მთამსვლელისა და გეოლოგის სიმონ ჯაფარიძის გადაღებული უნდა იყოს, რადგან ეს ფოტო, საქართველოში დღემდე არსად შემხვედრია. 1926 წლის ზაფხულში, სიმონ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მოეწყო ახალი გზით ასვლა მყინვარწვერზე, ხოლო ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ნიკოლოზ შენგელაია სტეფანწმინდაში იღებდა ფილმს “ელისო”. როგორც ჩანს, ფილმის გადაღება 1927 წელსაც გაგრძელდა და ამ წელსაც მოეწყო ექსპედიცია მყინვარწვერზე. ფილმის გადამღები ჯგუფისა და მთამსვლელთა ექსპედიციის შეხვედრა აღწერილი აქვს ცნობილ ექიმ-ენდოკრინოლოგს, მთამსვლელსა და საზოგადო მოღვაწეს იოსებ (სოსო) ასლანიშვილს წიგნში “მყინვარწვერზე ასვლა შემოდგომით, 1927 წლის 9 ნოემბერს”. წიგნის მე-10 გვერდზე ვკითხულობთ: “მეოთხე საათი იყო ჩვენი მანქანა სტეფანწმინდაში, სასტუმრო “საქართველოსთან” რომ გაჩერდა. აქ ჩვენი მასპინძელია იაგორა ხახლიშვილი, რომელიც მუდამ ჩვენს მთამსვლელთ უფასოთ უთმობს ხოლმე ბინას. აქვე იყვნენ საქართველოს კინო მრეწველობის მუშაკნი რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას მეთაურობით. ალექსანდრე ყაზბეგის “ელისოს” იღებდნენ იმ ხანებში… ნიკოლოზ შენგელაიამ გამოთქვა სურვილი ჩვენი ასვლის ზოგიერთი მომენტების გადაღების შესახებ, ჩვენც მოხარული ვართ. 7 ნოემბერი. ამინდი მშვენიერი დგას. მყინვარწვერი ნაზად დაგვცქერის. მოვიდნენ სოფელ ცდოდან გახა წიკლაური 6 კაცით და სტეფანწმინდიდან იაგორა კაზალიკაშვილი 5 კაცით… ჩვენ ყველანი გამოწყობილნი და მზათა ვართ სამგზავროდ. კინო ექსპედიციამ დაიწყო ჩვენი გადაღება. ოპერატორია კერესელიძე, გადაღებას ხელმძღვანელობს თვით ნიკოლოზ შენგელაია. სრული 12 საათი იყო სტეფანწმინდიდან რომ გავედით. მივდივართ ერთ მწკრივად. წინ გახა მიგვიძღვის. სულ ვართ ოცი კაცი: შვიდი ტფილისელი და ცამეტი მოხევე”. ხევში 1927 წლის შეხვედრის შესახებ გაზ. “კომუნისტში” N265 (2010). 23.11.1927 წ. გამოქვეყნდა მყინვარწვერის ექსპედიციის ხელმძღვანელის სიმონ ჯაფარიძის წერილი “სარეკორდო ასვლა მყინვარ-წვერზე”, სადაც აღნიშნავს, რომ “გასვლის წინ იქ მყოფმა კინოექსპედიციამ კოლია შენგელაიას ხელმძღვანელობით გადაიღო ზოგიერთი მომენტი ჩვენი მოგზაურობისა: ექსპედიციის მისვლა სოფ. სტეფანწმინდაში და მოხევეების დახვედრა, ასვლის დაწყება და სხვა”. უნდა აღინიშნოს, რომ აქედან მოყოლებული, ნატო ვაჩნაძისა და ჯაფარიძეების ოჯახის მეგობრული ურთიერთობა მათი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. რისი დასტურიც იყო ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 14 წლის ელდარ შენგელაიას აყვანა მწვერვალ ყუროზე (ელდარ შენგელაიას მოგონების აუდიოჩანაწერიც ჩვენთან ინახება). ელდარ შენგელაიას ჩანაწერი: “ალექსანდრა ჯაფარიძესთან დაკავშირებით თბილი მოგონებები მაქვს, მისი მოწაფე ვიყავი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ბავშვობა რუსთაველის ქუჩასთან იყო დაკავშირებული, სადაც სულ განსაკუთრებულ ადამიანებს ვხედავდით. აქ გამოივლიდა ხოლმე გალაკტიონი, დიდი აკაკი ხორავა, სხვანი და სხვანი… მათ შორის ვხედავდით ჩვენთვის უფროსს, მაგრამ ახალგაზრდა, ჭაღარაშერეულ, შავებით შემოსილ ქალს - ალექსანდრა ჯაფარიძეს. უკვე ლეგენდადქცეული იყო ჯაფარიძეების ოჯახი. როდესაც ისინი უშბაზე ავიდნენ, იქ ცეცხლი აუნთიათ და მთელ სვანეთში, ყველა კოშკზე ცეცხლი აუნთიათ. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ბედნიერება მხვდა წილად, ჩვენ მწვერვალ ყუროზე ავედით, რომელსაც - ალექსანდრა ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. ჩვენზე ადრე იყო იქ ასული ალიოშა ჯაფარიძე, რომელიც უკვე აღარ იყო ცოცხალი და ყუროზე იყო მისი წერილი, რომელიც უნდა ჩამოგვეტანა…მაშინ მხოლოდ 14 წლის ვიყავი და არ ვიცოდი გული საით მქონდა. მთაწმინდაზე ვცხოვრობდი, დღეში ალბათ ასჯერ ავრბოდი და ჩამოვრბოდი რუსთაველზე და მთაზე ასვლა ისე წარმომედგინა, რომ სირბილით ავიდოდი. როცა ასვლა დავიწყეთ, ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი ჯგუფში და ყველას წინ ვუსწრებდი. ქალბატონმა ალექსანდრამ გვერდით დამისვა და მითხრა, მთაში ნელა უნდა იაროო… ეს ჩემთვის ტანჯვა იყო, მაგრამ, რადგან ქალბატონმა ალექსანდრამ მითხრა, ასე იყო საჭირო. ნელა ავდიოდით, მერე აუცილებლად უნდა შევტრიალებულიყავით და დაგვენახა, რომ ჩვენ რაღაც დავძლიეთ. ასეთი აღმაფრენა, სიხარული ჩემს ცხოვრებაში ორიოდე თუ მახსენდება. ეს რაღაც განსაკუთრებული სიხარულია და ამიტომ მე ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ ჩვენ მთის ხალხი ვართ, მთიანი ქვეყანა გვაქვს და ჩვენ უნდა გავყვეთ ალექსანდრა ჯაფარიძის გზას. ჯეროვნად არ არის დაფასებული ალექსანდრა ჯაფარიძე. ჩვენ გვახსოვს, მაგრამ ერის მეხსიერებაში უნდა იყოს დიდი პანთეონი, რომელიც წიგნში, სხვანაირ ფორმაში არის გამოხატული და ამ პანთეონში ალექსანდრა ჯაფარიძეს, მის სახელს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს!” იხილეთ ასევე:
ნატო ვაჩნაძის საბედისწერო რეისი - ისტორია, რომელიც ჯერ არ გსმენიათ