ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ეწვია — კევინ ჰამილტონი ბოჭორიშვილს, ჩიქოვანს და JTEC-ს შეხვდა
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, კევინ ჰამილტონი, საქართველოს ეწვია. ის მარტში დაინიშნა ამ თანამდებობაზე და ვიზიტის განმავლობაში, 7-8 მაისს, „ქართული ოცნების” საგარეო და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა, ასევე ოძისეში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ჰამილტონმა „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა” გამოხატა.
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან შეხვედრაზე ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებს, ალიანსთან ინტეგრაციის პერსპექტივებს და პრაქტიკულ თანამშრომლობას დაეთმო.
8 მაისს ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია, სადაც სპეციალური ბრიფინგი გამართეს.