← მთავარი
მსოფლიო

NATO-ს დეკლარაცია: წევრი ქვეყნების ლიდერები მე-5 მუხლის მიმართ ურყევ ერთგულებას ვადასტურებთ

8 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
NATO-ს დეკლარაცია: წევრი ქვეყნების ლიდერები მე-5 მუხლის მიმართ ურყევ ერთგულებას ვადასტურებთ

8 ივლისს NATO-ს ქვეყნების ლიდერებმა ანკარაში გამართული სამიტის დასკვნითი დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც კოლექტიური თავდაცვის მიმართ ალიანსის ურყევი ერთგულება დაადასტურეს.

დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი უცვლელი რჩება - “თავდასხმა ერთზე თავდასხმაა ყველაზე”. დეკლარაცია რუსეთს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის “გრძელვადიან საფრთხედ” ასახელებს.

დოკუმენტში ცალკე ადგილი უკრაინის მხარდაჭერას დაეთმო. 2026 წლისთვის მოკავშირეებმა უკრაინას 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა, დახმარებასა და წვრთნას შეპირდნენ, ხოლო 2027 წლისთვის - მსგავსი მოცულობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უდიდეს ნაწილს უკვე ევროპელი მოკავშირეები და კანადა უზრუნველყოფენ.

დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ძირითადი ინვესტიციები 139 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდეს. ანკარაში ლიდერებმა თავდაცვის სფეროში 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი შესყიდვები გამოაცხადეს და ხაზი გაუსვეს პრინციპს “ძლიერი ევროპა ძლიერ ნატოში”, რომლის მიხედვითაც ევროპა და კანადა უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ ალიანსის თავდაცვაზე.

ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამასთან, დოკუმენტი თეირანს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების სრულად დაცვისკენ მოუწოდებს.

← მთავარი