← მთავარი
პოლიტიკა

ნატოს ანკარის სამიტზე საქართველო მიწვეულთა სიაში არაა - ბოჭორიშვილი დაესწრება ღონისძიებას "მოკავშირეები ანკარაში"

6 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ნატოს ანკარის სამიტზე საქართველო მიწვეულთა სიაში არაა - ბოჭორიშვილი დაესწრება ღონისძიებას

ნატოს სამიტისა და თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის დღის წესრიგში საქართველო ნახსენები არაა.

თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს, თურქეთში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება.

ეს არის ოფიციალური ღონისძიებებისა და დისკუსიების ფორმატი, რომელიც გაიმართება ნატოს სამიტის პარალელურად. ის მოიცავს 50-დე პანელურ დისკუსიას, მრგვალ მაგიდასა და თემატურ სესიას თავდაცვის პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით ნატოს სამიტზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, ხოლო პარტნიორი ქვეყნები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს „როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში ნატოს სამიტი გაიმართება, მასშტაბური პროპაგანდისტული კამპანია ამუშავდა. ამბობენ, რომ საქართველო სამიტზე არ დაპატიჟეს”.

“ადრე არსებობდა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, ნატოს სამიტის პარალელურად, პარტნიორ ქვეყნებთან Side Event შეხვედრა იმართებოდა. ახლა ასეთი ფორუმი არ ტარდება. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში სტამბოლში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე გაემგზავრა და ხვალ სიტყვით გამოვა”, - თქვა ვოლსკიმ.

მან პროპაგანდა უწოდა, მტკიცებას, “თითქოს საქართველო გვერდზე გასწიეს, ყურადღება არ მიაქციეს ან ქვეყნის მიმართ რაიმე განგებ „სასჯელია“ გამოწერილი”.

მანამდე ოპოზიციურმა პარტიას “დროამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “როდესაც საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტი და არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი არ ტოვებენ სამგლოვიარო ცერემონიებს თეირანში, მათ შორის, ტერორისტ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას, რომელიც ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა მოკავშირეთა მობილიზაციის კამპანიად აქცია, საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე. არ იქნება იქ, სადაც რეგიონის უსაფრთხოება განიხილება.”

მათი შეფასებით, სამიტზე საქართველოს არყოფნა ნიშნავს, რომ “ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ, რაც ჩვენი ქვეყნის დასუსტების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა და საბოლოო ჯამში, სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი გზაა.”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ანკარაში ნატოს სამიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის ნაწილიც იყო ასევე ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლა, უპასუხა, რომ “სამიტზე დასწრების არანაირი პრობლემა” არ აქვთ და “რატომ არ ვართ წარმოდგენილები, ჰკითხეთ ორგანიზატორებს”.

“რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოში, რეგიონში სამძიმარზე ჩასვლას თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩასვლას, ეს არის რეგიონი და ჩვენ ამას ასე გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ის პრაგმატული პოლიტიკა, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც მიჰყვება „ქართული ოცნება“ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით. ამაზე წესით და რიგით ნორმალურ მოქალაქეს კითხვა არ უნდა უჩნდებოდეს, როდესაც სამეზობლოში სახელმწიფოს წარმომადგენელი მიბრძანდება სამძიმრის გამოსაცხადებლად. ჩვენ ამ პრინციპებით ვცხოვრობთ და ვფუნქციონირებთ. პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ეს პრინციპებია თითოეულ ქართველსა და ჩვენგანში, რომ სამეზობლოში ყოველთვის არის ურთიერთპატივისცემა და არის ის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც პატივისცემასა და პარიტეტულ საფუძვლებზეა აგებული”, - თქვა კირცხალიამ.

იყო თუ არა შესაძლებელი, საქართველოს მიწვევა ალიანსის სამიტზე ანკარაში, რადიო თავისუფლებამ ამ შეკითხვით ნატოს მიმართა, პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.

ნატოს (რიგით 36-ე) სამიტს, თურქეთი 2004 წლის სტამბოლის სამიტის შემდეგ, მეორედ მასპინძლობს.

← მთავარი