← მთავარი
საზოგადოება

სტუდენტი, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირეში დეპუტატად "აირჩიეს": ვინ არის ნათია კიკვაძე და რას წერენ მასზე აფხაზები - "ქართული გვარი მაინც არ გქონდეს, მოღალატევ"

7 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სტუდენტი, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირეში დეპუტატად

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რაიონში, ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნები ჩაატარეს. საოკუპაციო რეჟიმის ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ, რობერტ შინკუბას თავმჯდომარეობით, ილორის (ე.წ. ელ ირსკის) №28 საარჩევნო ოლქის კენჭისყრის შედეგები შეაჯამა და „არჩევნები“ შემდგარად გამოაცხადა.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ე.წ. საკრებულოს “დეპუტატად” ნათია კიკვაძე დასვეს, რომელიც სოხუმის იურიდიული ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტია.

რატომ გახდა საჭირო „ხელახალი კენჭისყრა“?

ილორის საარჩევნო ოლქში ე.წ. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წინამორბედმა „დეპუტატმა“ ლევან ხანაგუამ პოსტი ვადაზე ადრე დატოვა. იგი ამ პოზიციაზე გასული წლის დეკემბერში იქნა „არჩეული“, თუმცა ნახევარ წელში მან საკუთარი სურვილით უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

საგულისხმოა, რომ იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ნათია კიკვაძის ე.წ. გაპარლამენტარება ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. საოკუპაციო ადმინისტრაციამ კიკვაძე ე.წ. კანონმდებლობის 31-ე მუხლის საფუძველზე უკვე გამოაცხადა გამარჯვებულად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებულ ნებისმიერ მსგავს პროცესს საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმურობის არქონის გამო არ აღიარებენ და მათ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.

ვინ არის ნათია კიკვაძე

მასზე საჯარო ინფორმაცია მწირია. მედიაში მხოლოდ მის გამარჯვებაზე წერენ. როგორც გოგონას სოციალური ქსელიდან გავარკვიეთ, ის წარმოშობით ოჩამჩირიდან არის. ჰყავს ახალგაზრდა მშობლები და სამი და. კიკვაძეები ოთხი დედმამიშვილი არიან.

მას შემდეგ რაც ნათიას დეპუტატობის ამბავი, სხვადასხვა მედიებმა გაავრცელეს, მის მიმართ კრიტიკული კომენტარები არ წყდება. მისი გადეპუტატებით განაწყენებულები არიან როგორც ქართველები, ისე აფხაზები.

“ნეტავ ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერიის წოდებასაც ხომ არ ატარებს აფხაზებსა და რუსებს შორის? უბრალოდ მაინტერესებს, თორემ ისე ფეხებზე მკიდია, ვინ არის.“

“ეს რაღაც ახალი ეტაპის მსგავსია. ასე ნელ-ნელა მოვიყვანთ ხელისუფლებაში მათ, ვისაც სულში აფხაზობა არ აქვთ და ასეთი ცოტა როდია, მაგრამ ჩვენ მათ გარეთ ვდევნით. აფხაზებისთვის ხომ არავინაა სუფთა.“

„ხელისუფლება, რომელიც უკვე აღარც კი მიგვანიშნებს, არამედ ფაქტის წინაშე გვაყენებს! აი, რაღა უნდა მოგვილოცოთ!“

“ქართული გვარი მაინც არ გქონდეს, მოღალატევ” - წერენ აფხაზები.

← მთავარი