ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას პუტინის სპეცსამსახური ესწრება
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამტკიცებს, რომ სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებს „ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური” ესწრება.
„მე ვერასოდეს მივიღებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური — რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურიდან ლევან ვასაძე, ბორტნიკოვის სპეცსამსახურიდან მაკა ასათიანი, კგბ-ს საბჭოთა პერიოდის რეზიდენტი, ერის დაუძინებელი მტერი გოგა ხაინდრავა, ასევე ბანდიტი ოლიგარქები. მთელ ამ პროცესს კი დისპეტჩრობს რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტი, მილიარდერი ვანო ჩხარტიშვილი,” — წერს ნათელაშვილი.
მის სიტყვებში ასევე ჩნდება კითხვა: „ვინ გამოუწერა ამ კრემლის ყურებს საშვები?” ნათელაშვილი ასევე მოუწოდებს ყველა მონაწილეს, 11 მაისი, პუტინის სახელს მიბმული ბენეფისი, არ გახადონ — განსაკუთრებით მაშინ, როცა „გუშინ ცხინვალის რეგიონი ამ დიქტატორმა პრაქტიკულად მიუერთა რუსეთის ფედერაციას”.
11 მაისს, „სამების” ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის საარჩევნო გაფართოებული კრება 13:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრაში სამი კანდიდატი მონაწილეობს: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი და მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი. გამარჯვებისთვის 39 ხმიდან 20 ხმაა საჭირო.