← მთავარი
მსოფლიო

კაცობრიობის უდიდესი მიღწევა: NASA-ს ზონდი დედამიწას რეკორდული მანძილით დაშორდა

28 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
კაცობრიობის უდიდესი მიღწევა: NASA-ს ზონდი დედამიწას რეკორდული მანძილით დაშორდა

2026 წლის ნოემბერში NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზონდი, “ვოიაჯერ-1“, დედამიწიდან ერთი სინათლის დღის მანძილს მიაღწევს. ეს იმ მანძილს ნიშნავს, რომელსაც სინათლე ერთი დღე-ღამის განმავლობაში გადის - თითქმის 26 მილიარდი კილომეტრი. ამ მაჩვენებლით “ვოიაჯერ-1“-მა კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერ სხვა ხელოვნურ კოსმოსურ აპარატს გადაასწრო.

ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ თითქმის 50 წლის წინ გაშვებული ზონდი დღემდე მუშაობს და მეცნიერებს ინფორმაციას აწვდის. მისი შექმნისას გამოყენებული ტექნოლოგია დღეს პრიმიტიულად გვეჩვენება. პროექტის ხელმძღვანელი ლინდა სპილკერი აღნიშნავს, რომ თქვენი ავტომობილის გასაღების პულტში იმდენივე მეხსიერებაა, რამდენიც “ვოიაჯერის“ კომპიუტერებში. მიუხედავად ამისა, აპარატი, რომელიც მხოლოდ 5-წლიანი მისიისთვის იყო გათვლილი, ნახევარი საუკუნეა კოსმოსის სიღრმეებს იკვლევს.

აღმოჩენები, რომლებმაც სამყაროზე წარმოდგენა შეცვალა

“ვოიაჯერებმა“ მეცნიერებს აიძულეს, მზის სისტემის შესახებ არსებული ცოდნა თავიდან გადაეწერათ:

ვულკანები კოსმოსში: “ვოიაჯერ-1“-მა პირველად აღმოაჩინა მოქმედი ვულკანები დედამიწის გარეთ - იუპიტერის თანამგზავრ იოზე. ელვა იუპიტერზე: აპარატმა პირველად დააფიქსირა ელვის მოვლენა სხვა პლანეტაზე. სიცოცხლის იმედი ევროპაზე: “ვოიაჯერ-2“-ის მიერ გადაცემული კადრები მოწმობს, რომ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, ყინულის ფენის ქვეშ, შესაძლოა თხევადი ოკეანე არსებობდეს, რაც სიცოცხლის არსებობის შანსს აჩენს.

“ფერმკრთალი ცისფერი წერტილი“ და გზავნილი უცხოპლანეტელებს

1990 წელს, სანამ კამერას საბოლოოდ გამორთავდა, “ვოიაჯერ-1“-მა დედამიწას გახედა და ფოტო გადაუღო. ამ ისტორიულ კადრზე, რომელიც “ფერმკრთალი ცისფერი წერტილის“ სახელითაა ცნობილი, ჩვენი პლანეტა უსასრულო კოსმოსში მხოლოდ პატარა ნაწილაკად ჩანს. ასტრონომი კარლ საგანი ამბობდა, რომ ამ წერტილზეა ყველა, ვინც კი ოდესმე გვიყვარდა და ვინც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია. გარდა ამისა, ხომალდების ბორტზე მოთავსებულია მოოქრული დისკები, რომლებზეც ჩაწერილია მისალმებები 55 ენაზე, ბუნების ხმები და მუსიკა.

ეს არის ერთგვარი წერილი უცხოპლანეტელი ბინადრებისთვის, რომელიც, მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა მილიარდი წელი შენარჩუნდეს და თავად კაცობრიობასაც კი გადაურჩეს.

რა ელის “ვოიაჯერებს“ მომავალში?

ამჟამად ორივე აპარატი ვარსკვლავთშორის სივრცეში იმყოფება და იქიდან აწვდის მონაცემებს მეცნიერებს. NASA ვარაუდობს, რომ ზონდები მინიმუმ 2030-იან წლებამდე გააგრძელებენ მუშაობას. “ჩვენ არ დავაჭერთ გამორთვის ღილაკს. ნებას მივცემთ “ვოიაჯერს“ თავად გადაწყვიტოს, როდის მოვა დრო“, - აცხადებს ლინდა სპილკერი. წყარო იხილეთ ასევე:

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა 7 შორეულ პლანეტაზე მაგნიტური ველები გაზომეს - რას ნიშნავს ეს?

← მთავარი