პირველი მუდმივი ბაზა მთვარეზე: NASA-მ მის მშენებლობაში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო
NASA-მ თითქმის 600 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა ახალი კომერციული მთვარის მისიებისთვის, რითაც მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნაზე მუშაობა გაააქტიურა, - წერს Interesting Engineering - ი.
სააგენტომ სამი ამერიკული კომპანია შეარჩია, რომლებიც 2028 წლის ბოლომდე დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე ოთხ რობოტიზებულ სამეცნიერო მისიას გაგზავნიან. როგორც აღინიშნება, ახალი კონტრაქტები აფართოებს NASA-ს კომერციულ მთვარის პროგრამას და აახლოებს გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის რეალიზებას. მომავალში ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ასტრონავტების მუშაობას, სამეცნიერო კვლევების ჩატარებასა და მარსზე ექსპედიციებისთვის მომზადებასაც კი.
კონტრაქტები გაუფორმდათ კომპანიებს: Astrobotic, Firefly Aerospace და Intuitive Machines, პროგრამა Commercial Lunar Payload Services-ის (CLPS) ფარგლებში.
კერძოდ:
Astrobotic-მა მოიპოვა ორი კონტრაქტი საერთო ჯამში 297,9 მილიონი დოლარის ღირებულებით.
Firefly Aerospace-მა მიიღო 144,2 მილიონი დოლარი ერთი მისიისთვის.
Intuitive Machines-მა კი მიიღო 148,3 მილიონი დოლარი, კიდევ ერთი მისიისთვის.
მთვარის კომერციული ათვისება ჩქარდება
NASA გეგმავს, გამოიყენოს მთვარეზე დასაშვები მოდულების გაუმჯობესებული ვერსიები, რომლებიც ამ კომპანიებმა უკვე შეიმუშავეს. ეს გაზრდის გაშვებების სიხშირეს და გააუმჯობესებს მისიების საიმედოობას. სააგენტოში აღნიშნეს, რომ წინა ფრენების გამოცდილება დაეხმარებათ ახალი აპარატების დახვეწაში, მაშინ როცა კერძო კომპანიები მთვარის კვლევაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
“ეს ახალი კონტრაქტები ჩვენს კომერციულ პარტნიორებთან, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის 600 მილიონი დოლარია, ადასტურებს ჩვენს მზაობას, დავაჩქაროთ მთვარის ზედაპირზე კაცობრიობის გრძელვადიანი ყოფნის უზრუნველყოფა“, - განაცხადა NASA-ს პილოტირებული კოსმოსური ფრენების დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლორი გლეიზმა.
მთვარის ბაზისთვის სატვირთო დასაშვები აპარატების პროგრამის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რაიან სტეფანმა აღნიშნა, რომ მისიების სიხშირის გაზრდა NASA-ს ოპერაციების უფრო სწრაფად დახვეწის საშუალებას მისცემს. მისი თქმით, თითოეული დაშვება ერთგვარ პოლიგონად იქცევა სამომავლო მთვარის ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების შესამოწმებლად, ხოლო მიღებული შედეგები შემდგომი მისიების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ამ დროისთვის NASA-ს უკვე დაგეგმილი აქვს 17 კომერციული მისია სხვადასხვა კომპანიის მონაწილეობით მთვარის ზედაპირზე ტვირთის მისატანად. ეს სააგენტოს ახალი ტექნოლოგიების გამოცდისა და სამეცნიერო მონაცემების შეგროვების მუდმივ შესაძლებლობას მისცემს.