ნარკოტიკის ტალღა: როგორ ხდება ქართველი ახალგაზრდები ნარკობარიგები
გია ყრუაშვილი, ყოფილი პოლიტიკოსი, სოციალურ ქსელში მწუხარებს: მისი 22 წლის შვილიშვილი დათო ბლიაძე ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. მისი თქმით, იმ ღამეს თბილისში ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა ზედოზირებით.
„შვილიშვილის საფლავთან ვიდექი და ვფიცავდი, რომ ჩემმა დათუჩამ იყოს ბოლო მსხვერპლი. ყველაფერი იწყება გაჩალიჩებით — ჯერ ეტყვიან, გასინჯეო, მერე განზრახ ხდიან დამოკიდებულს, განსაკუთრებით სუსტი ნებისყოფის ახალგაზრდებს და ემიგრანტების შვილებს,” — ამბობს ყრუაშვილი.
მისი განცხადებით, ქუჩებში გამოკრული განცხადებები „მაღალანაზღაურებად სამსახურს” სთავაზობს ახალგაზრდებს. ასე ახდენენ მათ არარეკრუტებას ნარკოგავრცელების სქემაში: „ჭინკებივით დადიან, ყველგან ყრიან წამალს — ამ სქემით კლავს ერთი ახალგაზრდა მეორეს.”
სახიფათო ბაზარი
ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის თქმით, ნარკოტიკი სულ უფრო მეტი გზით შემოდის: „მიწაში მარხავენ, დრონით, მიმინოებით გადააქვთ — და კიდევ ბევრი სხვა წყაროც არსებობს.”
სიხარულიძე ამბობს, სახელმწიფო ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაცვალების სტატისტიკას არ ახმაურებს: „ეს ხდება პოლიტიკის კრახის შიშით. ვითომ გაამკაცრეს ნარკოპოლიტიკა — მაშინ რატომ მალავენ ამ „გამარჯვების” შედეგებს? მალავენ იმიტომ, რომ ყოველი ნაბიჯი ხელს უწყობს ამ სასაკლაოს.”
სატელევიზიო სიუჟეტებით მოწყობილი რეიდები, ნარკოლოგის შეფასებით, პრობლემას ვერ გადაჭრის — საჭიროა სისტემური მიდგომა, რომლის ცენტრშიც მოთხოვნის შემცირება უნდა იდგეს.
ოჯახი ყვება
ყრუაშვილის თქმით, ოჯახები ხშირად ფარავენ სიკვდილის მიზეზს: „მე ვიცი ეს. ჩემ სახლშიც ანალოგიური ვითარებაა — მეჩხუბებიან, გაანებე თავიო. ვერ დავანებებ.”
ის მოუწოდებს ოჯახებს, გააჟღერონ: „სამარცხვილო არაფერია. განგაშია ასატეხი — ეს ჩვენი ერთობლივი ბრძოლაა.”