ნანუკა ჟორჟოლიანი მცხეთის იზოლატორიდან: „ამ რაუნდი თქვენ წააგეთ”
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე, სოციალურ ქსელში დედის მიერ მცხეთის იზოლატორის მე-4 საკნიდან დაწერილ წერილს აქვეყნებს.
„2018 წელს მე და მარიამი ინდოეთში ვიყავით — კლინიკური დეპრესია მქონდა, მარიამი გამომყვა. მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების სამკურნალო ფილოსოფია ასკეტურ ცხოვრებაზე დგას — პაციენტს ყველაფერს გართმევენ: ტელეფონს, კავშირს გარე სამყაროსთან. ჩვენი მასპინძლები და ჩემი ექიმები მარწმუნებდნენ: ვინც კომფორტის ზონიდან არ გადის, ვერც საკუთარ თავს იპოვის, მით უფრო — ვერც სიმშვიდეს.
მე არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მოსამართლე დავით მაკარაძეს — სახელს ვიყენებ, რადგანაც კანონი „ბატონის” ხმარებას გვიკრძალავს. მისი მიზანი ჩემი დათრგუნვა უფრო იყო, ვიდრე ის შედეგი, რაც მიიღო. მაგრამ ამ სივრცემ და გარემომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეებთან ისე დამაახლოვა, როგორც სხვა ვერაფერმა. ბატონო დავით, არ გამოგივიდათ! მე ძალიან კარგად ვარ — იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამ რაუნდი თქვენ წააგეთ.
ჩემს თავს არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ჩვენს ყველა თანამებრძოლს უკვე არ გაუვლია. 19, 20, 21 წლის ახალგაზრდები ციხის მეორე და მესამე წრეზე მიდიან. სიმართლე გითხრათ — ადრე ის შეგრძნება უფრო მტანჯავდა: ხელშეუხებლობის. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ქოცებო, სასტიკად ბანძები ხართ — მაგრამ ამჯერად მადლობა, რომ უხერხულობის შეგრძნება გამიქრა.
რა დამანახა ამ დღეებმა? სისტემაში ყველა ერთნაირი არ არის. მოსამართლე და ბრალის წამყვანი პოლიციელები ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებენ. სამაგიეროდ, ადამიანები შეხვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟში, ადამიანები დამხვდნენ მცხეთის იზოლატორში — და სწორია, რომ ამას ვხედავდეთ და ვეუბნებოდეთ.
ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება. სინამდვილეში, ძალიან მოწყენილი ვიყავი და ოდნავ პასიური. გილოცავთ, ქოცებო — მოიგეთ დასვენებული ნანუკა, ახალი ენერგიით.
ჩემთვის პატივია, რომ სწორედ მაშინ დამაკავეს, როცა სტუდენტ გოგოებს ლექციებიდან გამოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ჩემთვის პატივია, რომ ვწარმოვადგენ მათ — საქართველოს და მათ ბრძოლის ველს.
ამ კედლებშიც შემოაღწია თქვენმა სოლიდარობამ და სიყვარულმა. უახლოეს მომავალში, თუ კარგის გაკეთებას მოვახერხებ, ეს მხოლოდ თქვენი სიყვარულის დამსახურება იქნება.
ჩემი ლექტორი, ნოდარ ტაბიძე, ამბობდა: „პატიმრების მდგომარეობას პატიმრებზე უკეთ ვერავინ გაიგებს.” ამიტომ — განსაკუთრებული მადლობა მზია ამაღლობელს სიმტკიცისთვის, ელენეს, სინდისის ყველა პატიმარს, 4 ოქტომბრის პატიმრებს, ყველა დაკავებულ პოლიტიკოსს. და მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს — მიხეილ სააკაშვილს.
თქვენი ნანუკა მცხეთის იზოლატორი, საკანი N4
მარიამ, საბა — ძალიან მიყვარხართ!”