"არ მაქვს კომპეტენცია" - ჟორჟოლიანი ენმ-ს თავმჯდომარედ კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს
ნანუკა ჟორჟოლიანმა პალიტრა ნიუსის ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას თქვა, რომ კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს, რადგან “ამის კომპეტენცია” არ აქვს.
ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ “ჯერ პარტიაში არ შევა”, “ფორმატი იქნება მოფიქრებული” და სხვა ადამიანებთან ერთად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეუწყობს ხელს რეფორმების განხორციელებაში.
“თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მე მგონი, ცოტა სხვა გზით მივდივართ. არ მინდა, მიშას დავასწრო ეს ამბები. ძალაში რაც რჩება, ეს არის რეფორმები. მე შიგნით შესვლამ, შეხვედრებმა რაღაცები უფრო ახლოდან დამანახა და დამარწმუნა იმაში, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც რეფორმების ჩატარება შეუძლია, ეს არის თვითონ მიშა. პატიმრობის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იდეა გაუჩნდა, უბრალოდ, მე არ ვიქნები სწორი, რომ მის იდეებზე ვისაუბრო, თავად უნდა ალბათ ამის წარდგენა და უახლოეს დღეებში იქნება, მაგრამ მინიშნებას გავაკეთებ - ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეფორმებზე პარტიის შიგნით. ამის ხელმძღვანელი იქნება მიშა.” - თქვა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანმა ასევე თავმჯდომარედ არჩევის ახალ მეთოდზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ ამომრჩევლის მაგივრად ხმა პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრმა და ლიდერმა უნდა მისცეს, მაშინ ამ პროცესში არ შევა.
“მე მინდა, რომ სწორი კომპეტენციით დალაგდეს სქემა. მე ვიცი, რა შემიძლია და რაც არ შემიძლია, არ შევალ იქ, მე არ ვარ ყაველაშვილი. თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია, ამიტომ ის ტვირთი მინდა გაინაწილოს კომპეტენტურმა, მცოდნე ადამიანმა და მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ.
თუ ამომრჩეველმა უნდა მომცეს ხმა და არა პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრმა და არა ლიდერმა, იქ არ უნდა მაძახონ შენ მიშას კანდიდატი იყავი და რა თქმა უნდა, გაიმარჯვებდი, არ მინდა არ შევალ მანდ, არავის არ წამოვაძახებინებ, ცხოვრებაში არსად არ ვყოფილვარ მაგ ფორმატით.
ერთია ხალხის სიყვარული, მაგრამ ის არ კონვერტირდება პოლიტიკაში. მაგრამ აქ საუბარი არ არის, რომ პოლიტიკური ლიდერი უნდა ვიყო. პოლიტიკური ლიდერი არის მიშა, მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის. მე მგონია, რომ ამ ხალხის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. უნდა დავანებოთ თავი ამ მლიქვნელობასა და აფერისტობას, რომ მოვიგონოთ ვიღაც, მერე ის ვაქციოთ პოლიტიკურ ლიდერად.” - თქვა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ პოსტი მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს გამოაქვეყნა.
“ჩემი, ლევანის, სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი.”
იმავე დღეს ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ენმ-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.
11 ივნისს, ჟორჟოლიანმა ფორმულასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო არაა - ბოკუჩავა ჟორჟოლიანისთვის თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე
16 ივნისს, TV პირველის ეთერში ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის რომ სააკაშვილმა “ჟორჟოლიანს შესთავაზა თავმჯდომარეობა”, ეს ექსპრეზიდენტს “თავად არსად არ დაუწერია.”
ხოლო 17 ივნისს, სააკაშილმა სოციალურ ქსელში პოსტის სახით დაწერა, რომ პარტიის თავმჯდომარედ მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. რასაც მალევე უპასუხა ბოკუჩავამ და გადაწყვეტილებას “იმპულსური” უწოდა.
ამგვარმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ – ბოკუჩავა სააკაშვილზე
იმავე დღეს, ჟორჟოლიანმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ ეფექტური იქნებოდა, თუკი ის “ქვეყნის შიგნით”, ხოლო ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა “ქვეყნის გარეთ” იმუშავებდნენ, თუმცა, “ახლა უნდა იარსებოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც საგარეო მდივნის სტატუსით ამ ყველაფერს უზრუნველყოფს”.
ენმ-ს თავმჯდომარე უნდა იყოს არჩევითი, მანამდე პარტიის წევრებს უნდა შევხდე – ჟორჟოლიანი
20 ივნისს, პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნულ თემაზე კვლავ ისაუბრა, ბოკუჩავას განცხადებით, “გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის და ის ასახელებს უკვე სხვა კანდიდატს.”
24 ივნისს, ჟორჟოლიანმა პალიტრა ნიუსის ეთერში თქვა, რომ თუ ენმ-ს თავმჯდომარე გახდება, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დააყენებს.