“საკუთარი სურვილით წამოვედი თეატრიდან, სცენაზე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი - ეს ბოჰემა, კულისები ჩემი არ არის, არ შემიძლია“ - როგორ უმკლავდება ნანიკო ხაზარაძე კრიზისულ სიტუაციებს: ტელეწამყვანის “სახალხო ინტერვიუ“
როგორც უკვე იცით, “სახალხო ინტერვიუს“ სტუმარი იყო ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე. მან ambebi.ge -ზე მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს “პალიტრანიუსის“ ეთერში უპასუხა. ამ ინტერვიუს ნაწილი მიმდინარე კვირას შემოგთავაზეთ, მეორე ნაწილს კი ახლა გთავაზობთ. სრული ინტერვიუს ნახავს კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ხვიჩა:
-
სიგარეტისთვის თავის დანებება როგორ შეძელით? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. მეც მინდა სიგარეტს თავი დავანებო…
-
ბევრი წელი სიგარეტს ვებრძოდი ხან ნიკორეტი გამოვიწერე - ნიკოტინის საღეჭი რეზინია, რომელიც თითქოს გულისრევის სპაზმს იწყებს და ვეღარ ეწევი, მაგრამ პარალელურად მაინც ვეწეოდი. მერე რაღაც პლასტირები ვიშოვე, წამლები ვსვი და ვერაფრით მოვერიე სიგარეტს… თავი რომ ვერ დავანებე, ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის რეკომენდაციით, წავედი და კოგნიტური ფსიქოლოგიის ორი არაჩვეულებრივი გოგონას ხუთი ლექცია მოვისმინე. მახსოვს, პირველი ლექციის ბოლოს რაღაცნაირად გულში გამეღიმა და ვიფიქრე, ამხელა “ფილარმონია ქალს“ ორმა ნინომ სიგარეტს როგორ უნდა დამანებებინოს თავი-თქო?!. მოკლედ ხუთი ლექცია მოვისმინე, ოღონდ, მართლა გეუბნებით, აღარ მინდოდა იქ სიარული, უბრალოდ იმ ორი ნინოს პატივისცემით ის ხუთი ლექცია ბოლომდე მივიყვანე. ბოლო ლექცია 2020 წლის 7 მარტი იყო, რამდენიმე დღეში ქალაქი ჩაიკეტა და პანდემიის გამო ლოკდაუნი გამოცხადდა. 7 მარტს მახსოვს, ბოლო ლექციაზე მოვწიეთ ყველამ ერთად ბოლო სიგარეტი. ნინოებმა ჯგუფის ოთხ წევრს გთხოვეს, ჩანთაში, ჯიბეში თუ გვქონდა რაიმე თამბაქოსთან ასოცირებული, იქ დაგვეტოვებინა. რა თქმა უნდა, რაღაცები ამოვიღე და დავინახე, რომ ჩანთაში ერთი კოლოფი მედო. რამდენიმე ღერი სიგარეტი და სანთებელა იდო. არ ამოვიღე იმიტომ, რომ ჩემს თავს იქვე ვუთხარი ჩუმად, აქედან რომ გავალ, მოვწევ-თქო. მას შემდეგ ის სიგარეტიც სახლში მიდევს და ის სანთებელაც. სიგარეტი აღარ მომწევია დიდი მადლობა ორ ნინოს და დიდი ბოდიში, რომ არ მწამდა თქვენი! თქვენ ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოახდინეთ.
ზურა:
-
პროფესორს, ქირურგს, ინტელექტუალ მამას საერთოდ რა ადგილი ეკავა თქვენს ცხოვრებაში? უჯერებდით?
-
არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა და დამოკიდებულება, რომ რაღაც კონკრეტულად მას ჩემთვის ეთქვა და მე მისთვის დამეჯერებინა. მოწიწებით მეპყრობოდა, მისთვის ვიყავი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ნიჭიერი, აი, ყველაზე, ყველაზე… ამიტომ მამაჩემისთვის მისაღები იყო ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი. ვერ იტანდა ვერავის, თუკი შეამჩნევდა, რომ ოდნავ გადატრიალებულად ვიღაც გამომხედა… მისთვის ვიყავი რაღაც წარმოუდგენლად სრულყოფილი და საუკეთესო არსება… ერთადერთი, როდესაც ქმარს, ლილუს მამას გავშორდი, მას არ ვუთხარი, ტყუილში ვაცხოვრებდი, რადგან ვიცოდი, რომ ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. ამიტომ არ ვეუბნებოდი. როცა მეკითხებოდა, - ლევანიკო სად არის, რატომ არ მოდის? რატომ ვერ ვხედავ. ვეუბნებოდი იქ გაფრინდა, რაღაც საქმე აქვს. მოკლედ ასე რაღაცნაირად რამდენიმე წელი გადავაგორე და ერთხელ მახსოვს, მირეკავს გაბრაზებული ხმით, ნანა (ნანას მაშინ მეძახდა, როცა ძალიან გაბრაზებული, ან გაუგებრობაში იყო). მამა რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი და უკანა სკამზე შენზე ჭორაობდნენ - ქმარს გაშორდაო. ქმარს მართლა გაშორდი?! თურმე სამარშრუტო ტაქსიდან წნევით, კრიზით ჩამოვიდა. სახლამდე ძლივს მიაღწია… მოკლედ ასე გაიგო, კარგა ხნის შემდეგ ეს ამბავი. არ ვეუბნებოდი, რადგან სულ ჩემზე ნერვიულობდა. ამიტომ რაღაც- რაღაცები, რაზეც ვიცოდი, რომ ინერვიულებდა, ვცდილობდი, დამემალა.
თათა:
-
ვაკემ, როგორც უბანმა, გარემომ რა მოგცათ… უბანს ანუ სად გაიზრდები, ამას მნიშვნელობა აქვს?
-
ვერ გეტყვით, რა მომცა. იქ გავჩნდი, იქ გავიზარდე და ახლაც იქ ვცხოვრობ, ამიტომ სხვა გამოცდილება არ მაქვს და არ ვიცი, როგორი ვიქნებოდი, ვთქვათ, საბურთალოზე რომ გავჩენილიყავი ან თუნდაც - ვერაზე. რა მომცა და, კარგი მეზობლები და კარგი მეგობრები, რომლებიც დღესაც შემრჩნენ…
არტისტი:
-
თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდით, ვინ იყო თქვენი მასწავლებელი და სცენაზე თამაში რატომ არ გამოგივიდათ?
-
ჩემი პედაგოგი იყო გიზო ჟორდანია და სცენაზე დგომა არ გამომივიდა-თქო, ვერ ვიტყვი. თეატრში ვიყავი, ვთამაშობდი სპექტაკლებში და ჩემი საკუთარი სურვილით წამოვედი თეატრიდან იმიტომ, რომ სცენაზე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ძალიან კარგი სტუდენტი ვიყავი და გიზო ჟორდანიას ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა ჩემზე. მარჯანიშვილის თეატრშიც მითამაშია და შემდეგ უკვე “თეატრალურ სარდაფში“ ვიყავი, ჭოლასთან (ლევან წულაძესთან) რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობდი. მერე რატომღაც მივიღე გადაწყვეტილება, წამოვსულიყავი. აი, ეს ბოჰემა, კულისები რაღაცნაირად ჩემი არ არის, არ შემიძლია. დიდი მადლობა იმ ოთხწლიანი სწავლებისთვის “თეატრალურში“, ძალიან დიდი ცოდნა, დიდი გამოცდილება მივიღე. მოკლედ, გიზო ჟორდანიამ რაც ჩემში ჩადო, ამას ვერცერთი სხვა სკოლა, ინსტიტუტი და ვერანაირი ადამიანი ვერ იზამდა. მართლა მადლობა ამ ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ. აღარ არის ცოცხალი ჩემი ბატონი გიზო, მაგრამ მას მაინც ასე მივმართავ.
კ. კ.
-
ნანიკო, ძალიან გვიყვარხარ, მაგარი გოგო ხარ! წარმატებები ყველა ფრონტზე! ისე, ქუჩაში რომ გხვდები, მოგაჩერდები ხოლმე და ყურადღებას არც მაქცევ… რატომ?
-
სხვათა შორის, მიკვირს, კ.კ. რომ ყურადღებას არ გაქცევ იმიტომ, რომ ინსტინქტი მაქვს უკვე - ადამიანი რომ მიყურებს ან მიღიმის ავტომატურად მივდივარ, ვკოცნი და ვეკითხები, როგორ ხარ? ამიტომ რაღაცნაირად მიკვირს ახლა ამას რომ მეუბნებით. შეიძლება ნაცნობმა ისე ჩამიაროს, არ გამიღიმოს და არ მივესალმო იმიტომ, რომ ინსტინქტურად მისკენ არ წავედი და უცნობს ყველას ვესალმები. რა ვიცი, შეიძლება სულ ჩაფიქრებული ვარ მაგ დროს?! არ ვიცი, მიკვირს მართლა, კ.კ. აწი შემაჯანჯღარე, რომ დამინახავ, გამიხარდება.
მერიკო:
-
ნანიკო, მრავალი წელია ეკრანზე გხედავთ - ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებით და შესანიშნავ ფორმაში ხართ. თუ საიდუმლო არაა, ეს დიეტის შედეგია?
-
გენეტიკის შედეგია, მერე დიეტის, თუმცა დიეტაზე აღარ ვარ, სულ ორად ორჯერ ვიყავი ცხოვრებაში. ერთი “ფორტ ბოერდზე“ რომ მივფრინავდი, რადგან ახალი ნამშობიარევი ვიყავი და 80 კგ-ს ვიწონიდი. იქ მოკლე ქვედა ბოლოებში სირბილი დისკომფორტი იქნებოდა და მაშინ დიეტაზე პირველად ვიყავი; მეორედ - სიგარეტს თავი რომ დავანებე. ძალიან კარგი ექიმი მყავს, დერმატოლოგი, რომელიც ჩემს სახეს უვლის და თუკი კარგად გამოვიყურები, ეს სულ თამარ ვაჩეიშვილის დამსახურებაა.
ია:
-
რთული, კრიზისული პერიოდების დროს სიტუაციიდან როგორ გამოდიხართ, ამისთვის რაიმე ხერხი გაქვთ?
-
რთულ კრიზისულ პერიოდში არასდროს ვარ ცუდად და სტრესში. ყოველთვის ვარ მობილიზებული, ტონუსში და ყველაფერს ვაკეთებ ხუთიანზე და 10-იანზე. აი, კრიზისი რომ გადაივლის, მერე ვარ ხოლმე ცუდად, ოღონდ, ყოველთვის არა… ასე რომ, კრიზისი ჩემი სტიქიაა…
ანი:
-
მოგვიყევით შვილზე და საერთოდ როგორი დედაშვილობა გაქვთ?
-
მე და ლილუს ძალიან კარგი დედაშვილობა გვაქვს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რთული გარდატეხის ასაკი გაიარა და მეც მასთან ერთად გავიარე. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, მართლა დასრულდა და ახლა ჩემი მეგობარია, ჩემი გულშემატკივარი, ჩემი საყვარელი ადამიანია, ჩემი მოტივაციაა, ძალიან მიყვარს და მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რამე თუ ხდება ჩემს ცხოვრებაში პირველი მას ვეუბნები, ალო, ლილუ - მაშივე ვურეკავ. ზუსტად ასევე მასთანაც… ქალღმერთს მეძახის - ტელეფონზე რომ ვურეკავ - ეწერება, დედიკო - ჩემი ქალღმერთი.
გიო:
-
ცხოვრებაში რას ნანობთ?
-
ვნანობ თუ არა რამეს, - ამას ხშირად მეკითხებიან და ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე… მე არ ვიქნებოდი მე, რაც ახლა ვარ, ის ნანიკო რომ არა, აი, ეს ჩემი 53-წლიანი კარგი გამოცდილება. ამიტომ რაღაც რომ შევცვალო ამ ჩემს გამოცდილებაში, მე თვითონ რაღაც დამაკლდება. დღეს იმდენად კარგად ვარ ჩემს თავთან და არაფერი მაწუხებს. დაე, იყოს ისე, როგორც იყო იმიტომ, რომ არავისთვის დიდი ტკივილი არ მიმიყენებია… ისეთი არ დამიშავებია ვინმესთვის, რომ ამას ვნანობდე და თვითგვემას ვგრძნობდე. არა, რაც არის, იყოს ისე…
მერო:
-
რჩევა, რომელსაც დამწყებ ტელეწამყვანებს მისცემდით, რა არის?
-
რა ვიცი, არავის მიბაძოთ და თქვენში იპოვეთ ის უნიკალური რამ, რაც აუცილებლად გაქვთ და იმას მიხედეთ. მეტი რა რჩევა უნდა მოგცეთ ან რა ვიცი, რჩევების მიცემა ზოგადად არც მიყვარს… ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კითხვები იყო…
კ.კ. ქუჩაში რომ დამინახავ და რომ მომაშტერდები, აი, მეც შენობით გადმოვედი ახლა, აუცილებლად მოდი და მითხარი, რომ მე ის კ.კ. ვარ, რომელიც სულ გაშტერდები და შენ არ მესალმებიო. დარწმუნებული იყავი, რომ კარგად მოგესალმები… შემდეგ უკვე სხვანაირ კითხვას გამომიგზავნი იქ, სადაც ვიქნები.
იხილეთ ასევე:
“პატარა გოგო-ბიჭები მირეკავდნენ, მაგინებდნენ, მწყევლიდნენ” - ნანიკო ხაზარაძის “სახალხო ინტერვიუ”: რას საქმიანობს “იმედიდან” წასვლის შემდეგ, რას ჰყვება მამაზე, შვილსა და წარსულზე