სანიოლმა ივნისის ამხანაგურებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა — ეგოიანი პირველ გამოძახებას მიიღებს
ვილი სანიოლმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. გუნდი მზადებას 25 მაისს დაიწყებს; ორი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
2 ივნისს საქართველო რუმინეთს დაუპირისპირდება — ეს კაპიტნის გურამ კაშიას სანაკრებო კარიერის დასასრული იქნება. 5 ივნისს ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება მეტოქე.
სიაში ერთი დებიუტანტია — 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი, „ექსელსიორიდან” (ნიდერლანდები). ეგოიანი ქართულ ახალგაზრდულ ნაკრებში ადრე ნათამაშებია და სომხეთის ეროვნული გუნდის გამოძახება ორჯერ უარყო. ამ სეზონში ერედივიზიონში 31 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიანიჭა. „ჯვაროსანთა” პირველ გამოძახებას ის სოციალურ ქსელში ემოციურად გამოეხმაურა: „ოცნებები ხდება.”
შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი), დავით კერესელიძე (დილა გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი), ლაშა დვალი (ცსკა 1948), ლუკა გადრანი (ბეითარი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი), ირაკლი აზაროვი (შახტარი), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი), გიორგი ქვილითაია (მეცი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)