ნაგელსმანი მიდის, მაგრამ მოდის თუ არა კლოპი? რა სირთულეს აწყდება გერმანიის საფეხბურთო კავშირი... | Lelo.Ge
გერმანიის საფეხბურთო კავშირს, უნდა თუ არა, მალე მოუწევს გადამჭრელი ზომების მიღება ეროვნულ ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით. ზოგიერთი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოცხადდება.
ქვეყნის საფეხბურთო წრეებში განწყობა ნამდვილად არ არის ნაგელსმანის სასარგებლოდ. სამაგიეროდ, მაღალია მხარდაჭერა იურგენ კლოპის მიმართ. მეტიც, ის, ფაქტობრივად, ერთადერთი მისაღები კანდიდატია ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე.
თუმცა, როგორც “კიკერი” წერს, არც დღევანდელი მწვრთნელის წასვლა იქნება იოლი და, მით უმეტეს, არც კლოპის დაქირავება. საქმე ისაა, რომ ნაგელსმანს კონტრაქტით კიდევ 2 წელი აქვს დარჩენილი, ხოლო კლოპი “რედ ბულში” მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობს და მის კონტრაქტში არ არის უფასოდ გაშვების პუნქტი.
გამოდის, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირს, თუ საბოლოოდ გადაწყვეტს ნაგელსმანის ნაცვლად კლოპის დანიშვნას, ორი კომპენსაციის გადახდა მოუწევს: ერთი - დღევანდელი მწვრთნელისთვის, რომელიც კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტას უნდა მოჰყვეს, ხოლო მეორე - “რუდ ბულისთვის”, რომელიც შემდეგ “მწვანე შუქს” აუნთებს კლოპს.
ამ დროს კი, იმავე “კიკერის” სიტყვებს თუ მოვიყვანთ, გერმანიის საფეხბურთო კავშირი მოკლებულია ბონუსებს ფიფა-სგან ბოლო სამი მუნდიალიდან “ბუნდესმანშაფტის” ნაადრევად გავარდნის გამო და ზემოთხსენებული კომპენსაციებისთვის ფული ბიუჯეტში უნდა “მოქექოს”.
თავისთავად, ეს არასტანდარტული ნაბიჯი იქნებოდა და ისმის კითხვა - არიან კი ამისთვის მზად გერმანული ფეხბურთის მამები? ესეც მალე გამოჩნდება…