რა მოხდება დედამიწაზე "მზის სიკვდილის" დროს და რატომ შეცვალეს მეცნიერებმა პროგნოზი - ახალი კვლევის შედეგები
მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწა შესაძლოა, მზის საბოლოო გარდაქმნასა და სიკვდილს გადაურჩეს. ეს ეწინააღმდეგება აქამდე გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, მზის გაფართოებისას ჩვენი პლანეტა აუცილებლად განადგურდებოდა.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ დედამიწის ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაკარგავს მზე მასას სიცოცხლის ბოლო ეტაპზე.
მკვლევართა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელიც ბელგიის ლევენის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის მეცნიერი მატს ესელდერსია, შეისწავლა როგორც ვარსკვლავური ევოლუციის თანამედროვე მოდელები, ისე მზის მსგავსი მომაკვდავი ვარსკვლავი L2 Puppis.
მეცნიერების შეფასებით, დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ მზეს ბირთვში წყალბადი ამოეწურება. ამის შემდეგ ის ჯერ წითელ გიგანტად გადაიქცევა, მოგვიანებით კიდევ უფრო გაფართოვდება და ე.წ. AGB ვარსკვლავის სტადიაში გადავა, ხოლო სიცოცხლის ბოლოს თეთრ ჯუჯად იქცევა.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამ პროცესის დროს მზე იმდენად გაიზრდებოდა, რომ მერკურს, ვენერასა და, სავარაუდოდ, დედამიწასაც შთანთქავდა.
თუმცა ახალი კვლევა სხვა შესაძლებლობასაც განიხილავს. თუ მზე სიცოცხლის ბოლო ეტაპზე მასას საკმარისად სწრაფად დაკარგავს, მისი გრავიტაციული მიზიდულობა შესუსტდება. ასეთ შემთხვევაში დედამიწის ორბიტა შეიძლება გაფართოვდეს და პლანეტა მზისგან უფრო შორს გადავიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის გადარჩენის შანსი არსებობს, მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანებისთვის დამაიმედებელი სიახლე არ არის.
მზე უკვე თავისი სიცოცხლის დაახლოებით შუა ეტაპზეა და მომდევნო მილიარდობით წლის განმავლობაში თანდათან უფრო ცხელი გახდება. შედეგად, დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები გაცილებით ადრე გაქრება.
ამიტომ, მეცნიერების შეფასებით, შესაძლოა თავად პლანეტა გადარჩეს, თუმცა კაცობრიობა მზის საბოლოო ევოლუციას ვეღარ მოესწრება.