სასამართლომ მზია ამაღლობელის სტიკერის გამო დაკავება კანონიერად მიიჩნია
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე გოგუაძემ 11 მაისს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავება კანონიერად ცნო და დაცვის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
ვინ არის მზია ამაღლობელი?
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში ორჯერ დააკავეს: ჯერ ადმინისტრაციული წესით — შსს-ს შენობის კედელზე სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით — პოლიციელისთვის სილის გაწვნის ბრალდებით. სწორედ ამ მეორე ბრალდებით მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა, რომელიც 2027 წლის 12 იანვარს სრულდება.
11 მაისის სხდომა პირველ, ადმინისტრაციულ დაკავებას შეეხებოდა. ამაღლობელი და მისი ადვოკატები ამ დაკავებას კანონიერად არ მიიჩნევდნენ. სასამართლო საქმე კვლავ იმავე მოსამართლე გოგუაძეს ჩამოუვარდა — მანვე 2025 წლის დეკემბერში განხილვაზე უარი თქვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი საქმე პირველ ინსტანციას დაუბრუნა.
სხდომის დეტალები
სხდომაზე ადვოკატმა სამი შუამდგომლობა წარადგინა, მათ შორის — ამაღლობელს შემოსაზღვრული ადგილის ნაცვლად ადვოკატის გვერდით დაჯდომის ნება ეთხოვა. მოსამართლემ უარი თქვა: „ის თავსდება სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე, კონტაქტს არ გიზღუდავთ.”
ადვოკატმა ნინო ხუციშვილმა განაცხადა, რომ ამაღლობელის სტიკერის გაკვრის გამო დაკავება „არალოგიკური” და კანონთან შეუსაბამო იყო. „საგულისხმოა, რომ შსს-ს პოზიცია შეიცვალა პროცესის განმავლობაში,” — თქვა ადვოკატმა. სასამართლოს დასაბუთების მიღებას ელოდებიან.
სტრასბურგი
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამჟამად სამ საქმეს აწარმოებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის „პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების” ნიადაგზე; მე-4 საჩივარი — სისხლის სამართლის საქმეზე — გასაგზავნად მზადდება.
ამაღლობელს პატიმრობაში ცალ თვალში მხედველობა დაეკარგა. 2025 წელს მას ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია გადასცა. 24 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მისი გასამართლება „არაპროპორციულ და პოლიტიზებულ” ნაბიჯად შეაფასა.