[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. მატჩი III ადგილისთვის] საფრანგეთი 4:6 ინგლისი. ათგოლიანი სიგიჟე და 60-წლიანი "გვალვის" დასასრული | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. მატჩი III ადგილისთვის
საფრანგეთი 4:6 ინგლისი
19.07. მაიამი. “ჰარდ როკ სთედიუმი”. 64 767 მაყურებელი
გოლები: 0:1 რაისი (3), 0:2 კონსა (18. რაისის პასით), 0:3 საკა (37. რაშფორდის პასით), 0:4 საკა (45+1. ეზეს პასით), 1:4 მბაპე (48. ოლისეს პასით), 2:4 ბარკოლა (54. მბაპეს პასით), 3:4 მბაპე (66. ოლისეს პასით), 3:5 საკა (87-პენ), 4:5 დემბელე (90+6. უპამეკანოს პასით), 4:6 ბელინგემი (90+8)
საფრანგეთი (4-2-3-1): მენიანი 5.6* - გუსტო 5.5 (90+1. კუნდე), კონატე 5.7 (46. უპამეკანო 6.6), ლაკრუა 7.8, ერნანდესი 6.1 (46. დინი 6.4) - ზაირ-ემერი 7.2, რაბიო 6.4 - ოლისე 8.7, შერკი 6.5 (46. დემბელე 8.5), დ. დუე 5.5 (46. ბარკოლა 7.5) - მბაპე 9.2
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ინგლისი (4-1-4-1): ჰენდერსონი 6.7 - ქუანსა 5.9 (83. ჯეიმსი), კონსა 7.8, გეჰი 7.2 (90+3. ჩალობა), სპენსი 7.2 - რაისი 9.0 - საკა 9.3, ეზე 8.6 (79. ბელინგემი 8.0), როჯერსი 6.4, რაშფორდი 8.1 (46. უოტკინსი 7.3) - ტოუნი (79. ანდერსონი 6.4)
მწვრთნელი: თომას ტუხელი
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ბუკაიო საკა (ინგლისი)
არბიტრი: ხ. ვალენსუელა (ვენესუელა)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
10-გოლიან საფეხბურთო შოუში ინგლისის ნაკრებმა მოუგო საფრანგეთს და მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი. ეს არის “სამი ლომის” პირველი კვარცხლბეკი 1966 წლის ჩემპიონობის შემდეგ.
ორივე გუნდმა უარი თქვა დაცვაზე და მაყურებელს ნამდვილი საფეხბურთო სიგიჟე შესთავაზა.
მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე 4-ბურთიანი ჩამორჩენა არცერთ ნაკრებს არ ამოექაჩა და ეს კინაღამ შეძლო საფრანგეთის ნაკრებმა. საბოლოო ჯამში ინგლისელებმა მაინც მოიგეს ჯუდ ბელინგემის მინიმალური დატვირთვისა და ჰარი კეინის სრული დასვენების პირობებში.
დიდიე დეშამმა კი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩი ჩაატარა. ალბათ, მას სხვანაირი გაცილება ეკუთვნოდა, მაგრამ “მამლები” მხოლოდ მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. თანაც, დეშამის ბიჭებმა მეორე ტაიმშიც დაუშვეს შეცდომები დაცვის ხაზში…
ინგლისის ნაკრებისთვის მუნდიალებზე 60-წლიანი უმედლობის ხანა დასრულდა. ეგაა, პირველ ტაიმში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთის ნაკრები დეშამზე გაბრაზებული იყო და შეგნებულად იქცეოდა ისე, რომ დიდიეს “გედის სიმღერა” ჩამწარებოდა…
“სამფეროვნებს” გულის გასაგრილებლად მხოლოდ კილიან მბაპეს რეკორდები თუ დარჩებოდათ. გუნდს მალე ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს. ინგლისის ამ ნაკრებს კი აშკარად მეტი შეეძლო. რომ არა საენდშპილო კოლაფსი არგენტინასთან, ალბათ ფინალშიც ითამაშებდა “სამი ლომი”…
ფაქტები
საფრანგეთმა პირველ ტაიმში 4 გოლი ბოლოს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, 1968 წელს გაუშვა იუგოსლავიის ნაკრებთან მატჩში.
ინგლისმა პირველ ტაიმში 7-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის ჩარჩოში. ასეთი რამ “სამმა ლომმა” ბოლოს 1966 წელს გააკეთა.
მაიკლ ოლისემ ერთ კონკრეტულ მუნდიალზე გააკეთა 7 შედეგიანი გადაცემა, რითაც გააუმჯობესა 1970 წელს პელეს მიერ დამყარებული რეკორდი (6 “ასისტი”).
კილიან მბაპემ მიმდინარე მსოფლიო თასზე 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გადაუსწრო ლიონელ მესის (8).
კილიან მბაპემ ამ ჩემპიონატში გატანილი 10 გოლით გააუმჯობესა გერდ მიულერის (გფრ) მაჩვენებელი, ვინც 1970 წელს მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე 9 გოლი მიითვალა.
2018 წლის შემდეგ ბუკაიო საკა გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. მაშინ ეს ჰარი კეინმა მოახერხა პანამასთან მატჩში (6:1).
კილიან მბაპემ 22 გოლი გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, გაუსწრო ლიონელ მესის (21) და პირველ ადგილზეა ბომბარდირებს შორის.
მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ადგილისთვის მატჩში 10 გოლი არასოდეს გასულა.
ინგლისის ნაკრები ერთადერთია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ზედიზედ მესამე მუნდიალზე მოახერხა ერთ კონკრეტულ მატჩში 6 გოლის გატანა: 2018 - პანამა 6:1, 2022 - ირანი 6:2, 2026 - საფრანგეთი 6:4.