შსს „მთის ამბების” დამფუძნებელ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტს იძიებს”
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა „ფეისბუქზე” განაცხადა, რომ 9 მაისს „ფორმულას” გადაცემის „ღია სივრცე” დასრულების შემდეგ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ მას თავს დაესხა. გადაცემაში ისინი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხებზე ცხარე დისკუსიაში ჩაერთნენ.
„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების” მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!” — დაწერა მთივლიშვილმა.
მარგებაძემ ბრალდება უარყო. მისი ვერსიით, „ქართულ ოცნებასთან” კავშირი სიცრუეა და ეთერში სწორედ იგი გამოიწვიეს. „დასრულდა ეთერი, გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩე. დაგასწარი,” — დაწერა მან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით — ძალადობის მუხლით — იძიებს.