„ქართული ოცნება” კანონს ცვლის: მთავრობის წევრების მოადგილეებს სახელფასო დანამატი მიეცემათ
„ქართული ოცნება” „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში ცვლილებებს ახორციელებს. ახალი კანონპროექტი მთავრობის წევრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოს მიღების საშუალებას მისცემს.
არსებული კანონი ამ ანაზღაურებებს მინისტრებს, რწმუნებულებს და მერებს „ინტერესთა კონფლიქტის” პრევენციის მოტივით კრძალავს. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოადგილეების შემთხვევაში ეს საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან მათ გადაწყვეტილებებს ზემდგომი პირები „უშუალოდ აკონტროლებენ” და „ინტერესთა კონფლიქტი” ვერ წარმოიშვება.
სახელფასო დანამატს მოადგილეები მიიღებენ: ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის ან დღესასწაულ დღეებში მუშაობისა და ჯანმრთელობისათვის რისკიანი სამუშაო პირობებისათვის. ფულადი ჯილდო — „სანიმუშო” მუშაობის ან განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის.
ერთი სახელფასო დანამატი არ გადააჭარბებს თვიური სარგოს ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში დანამატების ჯამი — სარგოს 20%-ს. ფულადი ჯილდოების წლიური ლიმიტი სარგოს 10%-ია. კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ ცვლილება მოადგილეებს „სხვა თანამშრომლებთან თანაბარ მდგომარეობაში” ჩააყენებს.