[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. A ჯგუფი] მექსიკა 2:0 სამხ. კორეა. უსუსური "ბაფანა-ბაფანა", მექსიკას მეტი შეუძლია...
მსოფლიო თასი 2026. A ჯგუფი მექსიკა 2:0 სამხ. აფრიკა 11.06. მეხიკო. “მეხიკო სიტი”. 80 824 მაყურებელი გოლები: 1:0 კინიონესი (9. ლირას პასით), 2:0 რ. ხიმენესი (67. ალვარადოს პასით) მექსიკა (4-1-4-1): რანხელი 7.1* - რეიესი 7.0, მონტესი 6.0, ვასკესი 6.7, გალიარდო 6.7 - ლირა 7.2 (76. ე. ალვარესი 6.6) - ალვარადო 7.7, გუტიერესი 6.6 (66. ჩავესი 6.8), ფიდალგო 6.5 (66. მორა 6.5), კინიონესი 8.6 (79. ვეგა 6.4) - რ. ხიმენესი 8.2 (76. ა. გონსალესი 6.3) მწვრთნელი: ხავიერ აგირე სამხ. აფრიკა (5-3-2): უილიამსი 6.2 - მუდაუ 6.3, სიბისი 5.8, ოკონი 5.9, მბოკაზი 6.1, მოდიბა 5.8 (77. აპოლისი 6.3) - მოკოენა 6.0, სიტოლე 3.8, ადამსი 6.3 (61. ზვანე 4.4) - რაინერსი 5.3 (77. მაკგოპა 6.6), ფოსტერი 5.5 (56. მბატა 6.0) მწვრთნელი: უგო ბროოსი გაფრთხილება: მოკოენა (17), გუტიერესი (23), სიბისი (74) გაძევება: სიტოლე (49), ზვანე (84), მონტესი (90+2) მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ხულიან კინიონესი (მექსიკა) არბიტრი: ვ. სამპაიო (ბრაზილია) * - შეფასებები Flashscore-ის მიხედვით 23-ე მუნდიალის სასტარტო მატჩში მასპინძელმა მექსიკამ შანსი არ დაუტოვა “ბაფანა-ბაფანას” ნაკრებს და ორი უპასუხო გოლი გაუტანა ერთობ უხეშად მოთამაშე მეტოქეს, რომელმაც აქცენტი მხოლოდ დაცვაზე გააკეთა. მუნდიალის პირველი გოლი მიითვალა მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხულიან კინიონესმა, მერე კი მშვენიერი თავურით რაულ ხიმენესმაც შეარხია მეტოქის კარის ბადე. სხვათა შორის, კინიონესი კოლუმბიაშია დაბადებული, ამ ქვეყანაში გაიზარდა და ასაკობრივ ნაკრებებშიც ითამაშა, თუმცა არა და არ აღირსეს ეროვნულ გუნდში გამოძახება და მექსიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. გახსნის მატჩში კინიონესმა, უბრალოდ, დახატა. ახლა ის საუდეთის “ალ ქადისიაშია” და იქაქურ ჩემპიონატი ხშირად გააქვს. თამაშის ბოლოს ვიხილეთ მესამე გაძევება. მატჩის ბრაზილიელმა არბიტრმა უილტონ სამპაიომ წითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა ცენტრალურ მცველს, გუნდის კაპიტანი სესარ მონტესს. არადა, 2:0-ზე და თანაც ერთობ უსუსური მეტოქის ფონზე, მონტესს მეტი წინდახებულება მართებდა. ახლა ის კორეასთან მეორე ტურის მნიშვნელოვან მატჩში დააკლდება თავის გუნდს. მთლიანობაში, მოიგო ბევრად შემტევმა და მაღალი კლასის გუნდმა. თანაც, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მექსიკელებს ბოლომდე არც გამოუვლენიათ თავიანთი პოტენციალი. ფაქტები 2006 წლის მუნდიალის შემდეგ, სამხრეთ აფრიკა გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც ერთ მატჩში 2 წითელი ბარათი მიიღო. 20 წლის წინ ანალოგიური რამ მოხდა პორტუგალია-ნიდერლანდების მატჩში, როცა არბიტრმა გუნდებს 2-2 მოთამაშე გაუძევა. 2026 წლის მსოფლიო თასის პირველსავე მატჩში 3 წითელი ბარათი დაფიქსირდა. შედარებისთვის, 2022 წელს, მთელი მუნდიალის განმავლობაში (64 მატჩი), არბიტრებმა მხოლოდ 4 წითელი ბარათი გამოიყენეს. მექსიკელი ხილბერტო მორა პირველი ფეხბურთელია, რომელიც 2006 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ დაიბადა და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში მიიღო მონაწილეობა. მექსიკელი ხულიან კინიონესი გახდა პირველი ფეხბურთელი კონკაკაფის (CONCACAF) რეგიონიდან, რომელმაც მსოფლიო თასის გახსნითი მატჩის პირველი გოლი გაიტანა. ზუსტად 16 წლის წინ, 2010 წლის 11 ივნისს, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა ერთმანეთს შეხვდნენ 2010 წლის მუნდიალის გახსნით მატჩში (1:1 იოჰანესბურგში). ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე ჩატარებული 19 გახსნითი თამაშიდან რომელიმე განმეორდა.