მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის “მეხიკო სიტი სთედიუმზე” გაიმართება დასრულდა მოლოდინი და კარს მოგვადგა მისი უდიდებულესობა - მსოფლიო ჩემპიონატი. მუნდიალი, რომელიც ერთბაშად სამ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ისტორიაში პირველად, პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირზე 48 ნაკრები მოიყრის თავს. ცხადია, ბევრი ეგზოტიკური მონაწილე თავისთავად ნიშნავს ხარისხის ვარდნას. ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს სპორტულ პრესაშიც და ჩვენს საინფორმაციო პლატფორმებზეც არაერთი აზრი გამოითქვა და ძირითადად ყველა იმაზე თანხმდება, რაც დავწერეთ, მაგრამ… მოდით, ისიც ვთქვათ, რომ გვექნება ფეხბურთი უდიდესი დოზით და ამით ვისიამოვნოთ. გაივლის ეს ჯადოსნური მონაკვეთიც და მერე 4 წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ იმას, რაც დღეს გვეზედმტება… ჩვენს დღევანდელ წერილში მიმოვიხილავთ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს და ჩვენს მოკრძალებულ აზრს ტურნირის ფავორიტებზეც გაახლებთ. ჯერ ჯგუფებში არსებული სიტუაციის ანალიზით “გავხურდეთ” და მერე დანარჩენს მივხედოთ… A ჯგუფი ჯგუფის მთავარ ფავორიტად მაინც მექსიკის ნაკრები მიგვაჩნია. გასაგებია, რომ მექსიკელთა აღარ ჰყავთ ისეთი გამორჩეული ინდივიდუალისტები, წლების წინ ან თუნდაც ახლო წარსულში რომ ბრწყინავდნენ - უგო სანჩესი, ან თუნდაც კუატემოკ ბლანკო, ან ლუის ერნანდესი, მაგრამ თანამასპინძლებს შინაურ კედლებში უდიდესი მხარდაჭერა ექნებათ. აქაა მექსიკელთა ცოცხალი ლეგენდა, გილერმო ოჩოა, ვინც მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს. ჩეხეთს, კორეასა და სამხრეთ აფრიკას ჯგუფიდან გამსვლელი მეორე და მესამე ადგილების დაკავების საფუძვლიანი პრეტენზიები ექნებათ. ვფიქრობთ, ჯგუფიდან უნდა გავიდეს ჩეხეთი, რომელიც შემადგენლობით მთლად ძლიერი ვერ არის, მაგრამ ევროპული წესრიგით კი იწონებს თავს. კორეისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებმა კი მესამე ადგილისთვის უნდა იბრძოლონ. მობილური კორეელები და ფიზიკურად ძლიერი აფრიკელები - მათი ჯახი საინტერესო საყურებელი უნდა იყოს. B ჯგუფი ამ ჯგუფში თამაშობს მასპინძელი კანადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ძალიან თანაბარია, ფავორიტის სტატუსს მაინც აფონსო დევისისა და ჯონათან დევიდის გუნდს მივანიჭებთ. ჩვენი ეს პროგნოზი გვარიანად სარისკოა, რადგან ამ ჯგუფის წევრმა ბოსნიამ თვით იტალიის ნაკრები არ მიუშვა მუნდიალის საგზურამდე. ჯგუფიდან ულაპარაკოდ უნდა გავიდეს შვეიცარიის ნაკრები. ამ გუნდში შენარჩუნებულ “ძველ გვარდიას” დაემატა რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. გამოკვეთილ აუტსაიდერად კი ყატარის ნაკრები გვესახება. C ჯგუფი პირველი ორი ადგილის დაკავების მთავარი ფავორიტები ბრაზილიისა და მაროკოს ნაკრებები არიან. კარლო ანჩელოტის სანაკრებო დებიუტი გვარიან ინტრიგას შეიცავს. ბრაზილიას არ ჰყავს ისტორიულად საუკეთესო შემადგენლობა, მაგრამ იმდენი კი ნაღდად შეუძლია, რომ ამ ჯგუფიდან უპრობლემოდ გავიდეს. ჩვენი ვარაუდით, მესამე ადგილი უნდა დარჩეს შოტლანდიას. ის კი არა, სქოთებს მაროკოს ეროვნულ გუნდთანაც შეუძლიათ კონკურენცია მეორე ადგილისთვის. აი, ჰაიტის ეროვნულ გუნდს კი ტურნირის უქულოდ დასრულებას ვუწინასწარმეტყველებთ. D ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი ჯგუფი მუნდიალზე. მცირე ფავორიტის სტატუსს მივანიჭებდით ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს და ისიც იმიტომ, რომ ტურნირის თანამასპინძელია. არ გამოვრიცხავთ პირველ ადგილზე თურქეთის ეროვნული გუნდის გასვლასაც. მით უმეტეს, თუ თურქთა ლიდერებმა თავიანთი ოპტიმალური ფეხბურთი აჩვენეს. ცხადია, ჯგუფური ბარიერის დაძლევის ამბიცია აუცილებლად ექნებათ ავსტრალიისა და პარაგვაის ნაკრებებს. ვიწინასწარმეტყველებთ ასევე არაერთ დაძაბულ მატჩს, ბევრ ჯარიმას და უხეშობას. ვფიქრობთ, მთლიანობაში უმძიმესი ჯგუფია. E ჯგუფი სხვა დროს ამ ჯგუფის უდავო ფავორიტად გერმანიას შევრაცხავდით. იულიან ნაგელსმანის გუნდი ჯგუფიდან კი უნდა გავიდეს, მაგრამ საკითხავია - რომელი ადგილით? აქ არის ძალიან კარგი ეკვადორი, რომელსაც ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. მესამე ადგილს ჯგუფში კოტ დ’ივუარს ვუწინასწარმეტყველებთ. მიუხედავად კარგი შემადგენლობისა, აფრიკელებმა გერმანიას და ეკვადორს ვერ უნდა გაასწრონ. აი, კურასაო კი, რომელიც ალბათ უფრო ნიდერლანდების მეოთხე თუ მეხუთე ნაკრებია, ჯგუფიდან ვერ უნდა გავიდეს. F ჯგუფი ამ ჯგუფის გამოკვეთილ ფავორიტად ნიდერლანდების ნაკრებს მივიჩნეთ. წესით, მათ პირველი ბარიერი პირველი ადგილით უნდა დაძლიონ. ნიდერლანდებს ალბათ იაპონია შეებრძოლება პირველი ადგილისათვის - კარგად აწყობილი გუნდი კარგი ფეხბურთელებით. შვედეთი შემადგენლობით არავის ჩამოუვარდება, მაგრამ თამაშის ხარისხისა რა მოგახსენოთ. მიგვაჩნია, რომ გრემ პოტერის მიერ გაწვრთნილ გუნდს იაპონია თუნდაც მობილურობით აჯობებს (ცხადია, სკანდინავიელებსაც აქვთ თავიანთი კოზირები). ტუნისი კი მაინც ჯგუფის აუტსაიდერად მიგვაჩნია, თუმცა ჩრდილოაფრიკელები ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლებენ. G ჯგუფი ბელგიის ნაკრები ვერ არის მთლად საუკეთესო ფორმაში და ლიდერებიც დაუბერდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელის, რუდი გარსიას გუნდმა უპრობლემოდ უნდა დაძლიოს ჯგუფური ბარიერი. მათი მეტოქეები ხომ ეგვიპტის, ირანისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები არიან. დანარჩენ სამ ნაკრებში მცირე უპირატესობას მივანიჭებდით ეგვიპტეს, მაგრამ ისიცაა, რომ მოჰამედ სალაჰისა და ომარ მარმუშის გუნდი ხშირად ისე ვერ თამაშობს, როგორც მისგან ელიან. თანაც, სალაჰი შორსაა ოპტიმალური ფორმისაგან. მოკლედ, ბელგია თავისთავად და, არცერთი სხვა ორი ნაკრების გასვლა არ უნდა გაგვიკვირდეს. H ჯგუფი ყველამ ვიცით, ფეხბურთში პროგნოზების გაკეთება უმადურზე უმადური საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გავრისკავთ და დავწერთ - ესპანეთისა და ურუგვაის ნაკრებები გუნდები უპრობლემოდ გადალახავენ ჯგუფურ ეტაპს და გავლენ პირველ-მეორე ადგილებზე. რომელ ნაკრებს დარჩება მე-3 ადგილი - კაბო ვერდეს თუ საუდის არაბეთს, ამას ერთად ვნახავთ. ამ ბრძოლაში ფავორიტად სეზარია ევორასა და ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკის თანამემამულეები მიგვაჩნია. “ზვიგენებს” კარგი გუნდი ჰყავთ - თითქმის ყველა მოთამაშე პორტუგალიური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. I ჯგუფი მისი უდიდებულესობა საფრანგეთი - მიუხედავად იმისა, რომ გვახსოვს ფრანგთა ფიასკო წლების წინ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, ასეთ რამეს გამოვრიცხავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდიე დეშამი შინ “ვეღარ დაბრუნდება” (თუმცა კი მაინც ტოვებს პოსტს ნებისმიერი შედეგის მიუხედავად). მეორე ადგილს აქ მივაკუთვნებთ ნორვეგიის ეროვნულ გუნდს. მიგვაჩნია, რომ ეს შემადგენლობა - ერლინგ ჰალანდით, მარტინ ედეგორით და სხვებით - მაღლაც კი დგას კლასით 90-იანი წლების “როსტერზე”. სენეგალმა მესამე ადგილი უნდა დაიკავოს, ერაყმა კი მეოთხე - კარგად კი დავალაგეთ, მაგრამ ფეხბურთს და, მით უმეტეს, მსოფლიოს ჩემპიონატს რას გაუგებ… J ჯგუფი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინა და ლიონელ მესი - სხვა ვინ უნდა შევრაცხოთ ჯგუფის აშკარა ფავორიტად? ეს კი არა, ვის გაუკვირდება, “ალბისელესტემ” ტიტული რომ შეინარჩუნოს? ალჟირისა და ავსტრიის ნაკრებები იბრძოლებენ მეორე ადგილისთვის. ამ ბრძოლაში მცირე უპირატესობას მაინც ავსტრიას მივანიჭებდით. მათი ნაკრები წამყვანი ევროპულ კლუბების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იორდანიას კი, მისი რეალური ძალის გათვალისწინებით, ბოლო, მეოთხე ადგილს ვუწინასწარმეტყველებთ. K ჯგუფი მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფში კოლუმბიაა, პორტუგალიის ნაკრებს პირველი ადგილის დაკავების პრობლემა არ უნდა შეექმნას, მაგრამ… აქ არის ერთი “მაგრამ”. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათი სამწვრთნელო შტაბი უარს იტყვის “მშრალ”, მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთზე. კოლუმბიის ნაკრები მეორე ადგილს არ უნდა ჩამოსცდეს, მესამე ადგილისთვის კი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები და უზბეკეთი იბრძოლებენ. მიუხედავად კონგოელთა უკეთესი შემადგენლობისა, აქ ფავორიტის დასახელება გაგვიჭირდება. L ჯგუფი ინგლისის ნაკრები ჯგუფის უდავო ფავორიტია. კი ბატონო, ინგლისელები ვერ აჩვენებენ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ინგლისურმა კლუბებმა ახლახან სამივე ევროტურნირის ფინალში ითამაშეს და ორი მოიგეს?! ხორვატიას თავუსუფლად შეუძლია, დაეტაკოს გოლიათს და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სცადოს. განა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტად მიგვაჩნია, პანამა კი უნდა ეცადოს, გაასწროს აფრიკელებს.