მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და კათოლიკე ეპისკოპოსი პაზოტო ახალ პატრიარქ შიო III-ს ულოცავენ
კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს მიულოცეს ეკლესიის მეთაურობა.
ბართლომეოსის მილოცვა
ბართლომეოსმა შიო III-ს პირადი მილოცვის წერილი გაუგზავნა. მსოფლიო საპატრიარქო წერს, რომ ახალი წინამძღვრის არჩევის ამბავი „დიდი სიხარულით” მიიღეს. ბართლომეოსი ახალ კათოლიკოს-პატრიარქს „ხანგრძლივ, კურთხეულ და ნაყოფიერ წინამძღვრობას” სურვობს — „ღვთის სადიდებლად, მისი ერთგული სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველ ხალხს შორის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ასევე სრულიად მართლმადიდებლური ერთიანობის ხელშეწყობისთვის.” მსოფლიო პატრიარქი წერილს „აქსიოს” — ღირსია — სიტყვით ასრულებს.
ჯუზეპე პაზოტოს მილოცვა
საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, ვერონიდან, 13 მაისს მიულოცა ახალ პატრიარქს ინტრონიზაცია.
„სულიერი სიხარულითა და ღრმა პატივისცემით ვუერთდები იმ მილოცვათა ნაკადს, ყოველი მხრიდან რომ მოედინება თქვენკენ”, — სწერს ეპისკოპოსი შიო III-ს.
პაზოტო ახალ პატრიარქს სთავაზობს ქართველ კათოლიკეთა ოჯახის „ძმურ ლოცვას” და ერთობლივ მოწმობას: „ჩვენ ერთად ვართ მოწოდებულნი, ვიყოთ ქრისტეს ერთი სახარების მოწმენი სამყაროში, სადაც განხეთქილება და გაურკვევლობა სუფევს.”
შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად 11 მაისს აირჩია. 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონია ჩატარდა.