[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] აშშ 1:4 ბელგია. გარსიამ ლიდერები უარყო და მოიგო! | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი
აშშ 1:4 ბელგია
07.07. სიეტლი. “ლუმენ ფილდი”. 66 925 მაყურებელი
გოლები: 0:1 დე კეტელერი (9. რასკინის პასით), 1:1 ტილმენი (31), 1:2 დე კეტელერი (33. ტროსარდის პასით), 1:3 ვანაკენი (57. დე კეტელერის პასით), 1:4 ლუკაკუ (90+3. ვანაკენის პასით)
აშშ (4-3-3): ფრიზი 5.2* - ფრიმენი 7.4, რიჩარდსი 5.5, რიმი 5.6, რობინსონი 6.9 (90+2. არფსტენი) - მაკკენი 5.8, ადამსი 7.1 (72. პეპი 6.6), ტილმენი 6.7 - დესტი 6.3 (46. დესტი 6.6), ბალოგუნი 6.6 (90+2. რაიტი), პულიშიჩი 5.2 (59. ბერჰალტერი 6.7)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ბელგია (4-2-3-1): კურტუა 6.3 - კასტანიე 7.3, ნგოი 6.7, მეშელი 5.9, დე კუიპერი 6.7 - ონანა 7.0 (21. ვანაკენი 7.7), რასკინი 8.0 (89. ვიტსელი) - ლუკებაკიო 6.9 (67. დოკუ 6.8), ტილემანსი 6.2, ტროსარი 7.2 (89. სელემეკერსი) - დე კეტელერი 9.4 (67. ლუკაკუ 7.5)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გაფრთხილება: მაკკენი (35), ტილმენი (69)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: შარლ დე კეტელერი (ბელგია)
არბიტრი: ა. მახადმეჰი (იორდანია)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
ბელგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც ესპანეთთან დაიჭერს საქმეს. “წითელმა ეშმაკებმა” ყველა საფეხბურთო კომპონენტში აჯობეს თანამასპინძელ აშშ-ს ნაკრებს.
მთავარი ინტრიგა: ბელგიელთა დამრიგებელმა რუდი გარსიამ თადარიგში დატოვა სამი ლიდერი - კევინ დე ბრუინი, ჟერემი დოკუ და რომელუ ლუკაკუ, ეს უდიდესი რისკი იყო, მაგრამ ფაქტია - გაამართლა.
თამაშის გმირი სწორედ ის ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ სამეულის ძირითადში ყოფნის შემთხვევაში ვერაფრით იქნებოდა მინდორზე საწყისი წუთებიდან - შარლ დე კეტელერმა დუბლი ხომ მიითვალა და საგოლე პასიც გააკეთა ამერიკელთა მეკარის ბავშვური შეცდომის შემდეგ.
ფაქტია ისიც, რომ ლიდერების გარეშე ბელგია გაცილებით სწრაფი, ეფექტური და მიზანსწრაფული იყო, ვიდრე მათთან ერთად - წინა შეხვედრებში და მოხდა ისე, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არცერთი მასპინძელი აღარ დარჩა.
აშშ-ს ნაკრებმა კი ითამაშა ისე, როგორც არ უნდა ეთამაშა გადამწყვეტ მატჩში, მით უმეტეს, მუნდიალის თანამასპინძელს - უემოციოდ, უინიციატივოდ, უფანტაზიოდ… ჰოდა, რა ჩიტიც დაიჭირა, ყველამ ერთად ვნახეთ.
ბელგიის მეოთხედფინალში გასვლა სადღაც სამართლიანობის ზეიმიც იყო. ამერიკელთა ერთ-ერთი ლიდერის, ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნა იმ კატეგორიიდანაა, ფეხბურთს და “ფეარ-პლეის” რომ არ უხდება…
ფაქტები
აშშ-ის ნაკრები პირველად 1930 წლის მუნდიალზე შეხვდა ბელგიას და 3:0 მოუგო. მას მერე, ამ მერვედფინალამდე, გუნდები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ და ყველა მატჩი ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა.
ბელგიისა და აშშ-ის ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ მიმდინარე წლის მარტში. ეს იყო ამხანაგური მატჩი, რომელიც ბელგიამ 5:2 მოიგო.
ტიბო კურტუა გახდა პირველი ბელგიელი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე 20 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთის ისტორიაში 34 წლის მეკარე მესამეა, ვინც ამ ნიშნულს უწია. ასევე 20 მატჩი აქვს ჩატარებული უგო ლორისს (საფრანგეთი), მანუელ ნოიერმა კი 23-ჯერ დაიცვა გერმანიის ნაკრების ღირსება.
მალიკ ტილმენი გახდა პირველი ამერიკელი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა.