„ოცნების” მმართველობის 13 წელი: მსჯავრდებულთა რეკორდული რაოდენობა — ვინ როგორ ხსნის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ჰყავდა 11 153 პატიმარი — ეს 2012 წლის შემდეგ, ანუ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია.
ევროსაბჭოს ანგარიში
19 მაისს ევროსაბჭომ გამოაქვეყნა პენიტენციური სტატისტიკის ახალი ანგარიში, რომელიც ქვეყნების მაჩვენებლებს 31 იანვრის მდგომარეობით ასახავს. ანგარიშის თანახმად, 100 000 მოსახლეზე საქართველოში 232 პატიმარია — ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის მე-4 ადგილი, თურქეთის (458), აზერბაიჯანის (271) და მოლდოვის (245) შემდეგ.
2024 წელს საქართველო პრობაციონერთა სიხშირით ევროპაში მეორე ადგილზე იყო — ყოველ 100 000 მოსახლეზე 583-ით; ლიდერი პოლონეთი (627) იყო. პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით (844) საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე იყო.
მთავრობის პასუხი
პენიტენციური სამსახური განარჩევს ამ ორ სტატისტიკას: „2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული”. უწყების ახსნით, საქსტატის 11 153 მოიცავს როგორც გამოტანილი განაჩენის მქონე, ისე წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს.
სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ „გასული წლების მსგავსად, სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა”. გადატვირთულობა პატიმრებს შორის ძალადობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება. კერძოდ, №2, №5 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთ საკანში არიან განთავსებული.