← მთავარი
სამართალი

7 წლამდე პატიმრობა ემუქრება მძღოლს, რომელმაც ტროტუარზე ქალი იმსხვერპლა

3 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
7 წლამდე პატიმრობა ემუქრება მძღოლს, რომელმაც ტროტუარზე ქალი იმსხვერპლა

„[ავტომობილის] შეჯახების შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“, - წერია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულის ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ავტომობილის გაუმართაობა გახდა.

„ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არ არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი.

არსად გაქცეულა, განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც გარბიან და ტოვებენ. იქვე იყო, დარჩა, დააკავეს ადგილზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები“, - უთხრა ადვოკატმა „TV პირველს“.

როგორც მან აღნიშნა, დაკავებული ქალი რუსეთის მოქალაქეა, მისი ქმარი კი უკრაინის. ორივე საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

22 ივნისს მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულის სახით მძღოლი დაკავებულია - მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

← მთავარი