← მთავარი
სამართალი

1 ივლისიდან სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

18 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
1 ივლისიდან სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

1-ელი ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერთიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

“ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1-ელი ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება.

ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლებისა და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება, რისი მიზანიც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.

მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და მართვის სერტიფიკატის შემოღება ამ ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის. რეგულაციები გავრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც საქართველოს შიდა სახმელეთო წლებში ახორციელებენ ნაოსნობას, ან მგზავრთა გადაყვანას.

შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციის პროცესს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს. რეგისტრაციამდე მცურავმა საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება სააგენტოს მიერ აღიარებულ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში უნდა გაიაროს. რეგისტრაციას დაექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მცურავი საშუალება (კატარღები, იახტები, მოტონავები, ჰიდროციკლები, კატამარანები, სამგზავრო პლატფორმები და სხვა).

იმავდროულად, შიდა სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად აუცილებელი გახდება მართვის სერტიფიკატის ფლობა. სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირზე, რომელიც გადამზადების პროგრამას სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში წარმატებით გაივლის. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა მხოლოდ სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრს აქვს აღიარებული”. - წერია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებსა და პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე. ასევე, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის, ძრავის არმქონე მცურავი საშუალებები.

“ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კანონის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას”. - წერს სააგენტო.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი მოხდა.

← მთავარი