დაუდასტურებელი ცნობებით, მოსკოვის ოლქში აფეთქებას რუსეთის თავდაცვის მაღალჩინოსანი ემსხვერპლა
დაუდასტურებელი ცნობებით, 9 ივნისს მოსკოვის ოლქში, ბალაშიხაში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი დამირ დავიდოვი.
ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინელმა ბლოგერმა ანატოლი შარიმ და ანონიმურმა ტელეგრამარხმა „ВЧК-ОГПУ”-მ გაავრცელეს, რასაც სხვა ტელეგრამარხებიც აჰყვნენ. დაღუპულად დავიდოვი დაასახელა უკრაინულმა ვებგვერდმა „INSIDER UA”-მაც. დავიდოვი იმ შენობის მახლობლად ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა.
„INSIDER UA”-ს ცნობით, აფეთქებისთვის 500 გრამი ტროტილი გამოიყენეს.
57 წლის დავიდოვს პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. მისი გვარი პირველად იმ დოკუმენტებიდან გასაჯაროვდა, რომლებიც „ვაგნერის” დამფუძნებელმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაპირისპირების დროს გაავრცელა. დავიდოვი იმ სამი სამხედროდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც რუსეთის არმიაში საბრძოლო მასალის განაწილებაზე იყვნენ პასუხისმგებლები.