← მთავარი
სპორტი

[განახლებული. VIDEO. კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი] მონდორფი 1:2 დინამო (თბ). ლუქსემბურგიდან მეორე ეტაპისკენ...

10 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[განახლებული. VIDEO. კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი] მონდორფი 1:2 დინამო (თბ). ლუქსემბურგიდან მეორე ეტაპისკენ...

კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

მონდორფი 1:2 დინამო (თბ)

09.07. მონდორფი. “ჯონ გრიუნი”. 1 219 მაყურებელი

გოლები: 0:1 ბა (2. ნინუას პასით), 0:2 ვაწაძე (19. ნინუას პასით), 1:2 ფარი (71)

მონდორფი (4-3-3): მაჩადო - პელეტიე (46. შტაინმეტცი), ესტრადა, ბაალი, კნუპფლერი - ტინელი (81. კუმბი), ჰოლტერი, მედინა (61. კუტურიე) - ფარი, კლიჩა (72. კირხი), შტოლცი (72. ლოპესი)

მწვრთნელი: მარტინ ფორკელი

დინამო (4-3-3): ლორია - სანტუშ, კალანდაძე, კურდიჩი, პსალტისი - ნინუა, ოსეი, ციკოლია (46. კაკაშვილი) - ტეიშეირა, ბა, ვაწაძე (61. ქვარცხავა)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: პსალტისი (22), პელეტიე (24), კუმბი (90+6)

არბიტრი: ჰ. ზისკასონი (ფარერები)

თბილისის “დინამო” კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის “მონდორფს” ესტუმრა, ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით მოიგო 2:1. თუმცა, თემურ ქეცბაიას გუნდს ეტყობოდა, რომ მეტი პოტენციალიც ჰქონდა.

ჯერ სანამ უშუალოდ თამაშს შევეხებით იმ დეტალზე შევჩერდებით, რომელიც აუცილებლად აღსანიშნავია. უეფა-ს ტურნირებზე ქართული გუნდების მასპინძელი სტადიონების შესამოწმებლად და ლიცენზიის მისაცემად უეფა-ს კომისია კომისიაზე ჩამოდიოდა და ბევრი სტადიონიც დაიწუნეს. ლუქსემბურგში კი მატჩი ისეთ არენაზე გაიმართა, რაც არაფერში არ ჯდება. შთბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს გუნდები სათამაშოდ სკოლის ეზოში შეიყვანეს…

“დინამოს” თამაშს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით თბილისელებმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყეს და პირველივე ტაიმში ორბურთიან უპირატესობას მიაღწიეს. ორივე გოლი კუთხურის გათამაშების შემდეგ გავიდა და ორივეჯერ “სტანდარტი” ნიკა ნინუამ შეასრულა.

ანგარიში მე-2 წუთზე ქეცბაიას ერთ-ერთმა რჩეულმა ლეგიონერმა გახსნა - კვიპროსული აპოელ-იდან ჩამოსულმა გვინეელმა თავდამსხმელმა, ალგასიმ ბამ. მე-19 წუთზე თბილისელთა უპირატესობა გამოცდილმა მათე ვაწაძემ გაზარდა. ლუქსემბურგელები თამაშის შემოტრიალებას და სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ გიორგი ლორია გუნდს სიმშვიდეს გადასცემდა და ზოგადადაც, “დინამოს” კლასი აშკარად იგრძნობოდა.

მეორე ტაიმში “დინამო” შეიცვალა, გაცილებით ფრთხილად გამოიყურებოდა და შეტევების ნაცვლად, უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებასა და სხვაობის შენარჩუნებაზე ზრუნავდა, რამაც უკუშედეგი მოიტანა - მასპინძლებმა 71-ე წუთზე ფრანგი თავდამსხმელის, ჰატიმ ფარის ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

ბოლოსკენ, “მონდორფმა” ლამის შტურმი მოაწყო და თბილისელები ერთი-ორჯერ გადარჩნენ კიდეც. “დინამოდან” კი დანიელ ქვარცხავას შეტევა იყო გამოსარჩევი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. შეუტია თორნიკე კვარაცხელიამაც, რომელსაც ევროტურნირზე სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მცველმა არ დაანება.

ერთი დეტალიც - მეორე ტაიმის მსვლელობისას, გულშემატკივრებმა ქეცბაია მეტისმეტი სიფრთხილის გამო გააკრიტიკეს. ვფიქრობ, მიზეზი სხვა რამ უფროა. ევროთასებზე გასული ქართული გუნდების უმრავლესობას მეორე ტაიმებში, უფრო მე-60 წუთიდან, დაღლა ეტყობათ ხოლმე.

ასევე მოხდა “დინამოს” შემთხვევაშიც, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეროვნული ლიგის ტემპიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს კონფერენსლიგის პირველ ეტაპის სისწრაფეებთანაც კი უჭირთ შეგუება.

ეს არ არის ქეცბაიას მუშაობის შედეგი - ძალიანაც რომ მოენდომებინა, მცირე დროში ვერაფერს შეცვლიდა. მოკლედ, “ფიზიკის” პრობლემაზე თქმით ამერიკა არ აღმოგვიჩენია, წლებია ამაზეა ლაპარაკი, მაგრამ ის, რასაც მთელი მსოფლიო ახერხებს, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება.

“დინამო” ლუქსემბურგულ გუნდს 16 ივლისს “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს და საპასუხო შეხვედრაში უპირატესობის გაზრდას და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.

← მთავარი