← მთავარი
სამართალი

მონაკოში უკრაინელ ბიზნესმენზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ქალია - მედია

3 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
მონაკოში უკრაინელ ბიზნესმენზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ქალია - მედია

მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის, ვადიმ ერმოლაევის სახლთან აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილია 30 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ მუდმივად გერმანიაში ცხოვრობს. ამის შესახებ ფრანგულმა გამოცემა Le Figaro-მ და ტელეარხმა BFMTV-მ დაწერეს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მონაკოში 29 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრნენ ვადიმ ერმოლაევი, მისი 13 წლის ვაჟი და მეგობარი ქალი, რომელსაც ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

სამეთვალყურეო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს მამაკაცად გადაცმული ქალი, რომელმაც გამოძიების თანახმად, სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა და დისტანციურად აამოქმედა, როცა ერმოლაევი, მისი შვილი და მეგობარი ქალი სახლში შედიოდნენ.

აფეთქების შემდეგ ეჭვმიტანილი მონაკოდან ჯერ მეზობელ საფრანგეთში გადავიდა, შემდეგ კი სავარაუდოდ, იტალიაში გაემგზავრა. საქმეს მონაკოს და საფრანგეთის სამართალდამცავები იძიებენ.

ფრანგული მედიასაშუალებების ცნობით, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილი ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოში იმყოფება და ამ ქვეყნის ხელისუფლებას დახმარების გასაწევად შესაბამისი მიმართვა გაუგზავნეს.

BFMTV-ს ინფორმაციით, გამოძიება ორ ძირითად ვერსიაზე მუშაობს - ერმოლაევის კონფლიქტი უკრაინის კრიმინალურ დაჯგუფებებთან და უცხოეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა. Le Figaro-ს წყაროთა თანახმად, გამომძიებლები იხრებიან ვერსიისკენ, რომ ერმოლაევზე თავდასხმასთან კავშირი აქვს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, რომლის მიზანი, სავარაუდოდ, იყო ბიზნესმენის გაფრთხილება და არა ლიკვიდაცია.

სავაჭრო-სამრეწველო კორპორაცია „ალეფის“ დამფუძნებელი ვადიმ ერმოლაევი ბიზნესმენია უკრაინის ქალაქ დნიპროდან.

ერმოლაევი რეგულარულად იყო უკრაინის 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში, რომელსაც გამოცემა „ფორბსი“ ადგენს.

2023 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვადიმ ერმოლაევს სანქციები დაუწესა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერმოლაევის კომპანია ანექსირებულ ყირიმში საქმიანობდა და გადასახადებს რუსეთს უხდიდა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ვადიმ ერმოლაევმა უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა კვიპროსის პასპორტის სანაცვლოდ.

← მთავარი