მონაკოში მომხდარის მოულოდნელი შემოტრიალება: გაირკვა, რომ აფეთქებისას ფეხები დაკარგა სრულიად სხვა ქალმა და არა მილიარდერის ცოლმა - სახელდება დანაშაულის მოტივიც
მონაკო - მდიდრებისა და მილიარდერების მშვიდობიანი თავშესაფარი, სადაც კრიმინალის დონე თითქმის ნულოვანია, შოკისმომგვრელმა თავდასხმამ შეძრა. ორშაბათს, საღამოს 9 საათზე, საფრანგეთის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსის ფოიეში მძლავრი აფეთქება მოხდა.
სამიზნე 56 წლის უკრაინელი ოლიგარქი, ვადიმ ერმოლაევი იყო, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის. კამერების ჩანაწერები მოწმობს, რომ თავდამსხმელმა ოჯახი მიზანმიმართულად ამოიღო სამიზნეში.
მონაკოს პროკურორის, სტეფან ტიბოს განცხადებით, საქმე „მკვლელობის მცდელობის“ მუხლით არის აღძრული, თუმცა ტერორისტული აქტის ვერსია გამორიცხულია. პოლიცია ამჟამად ეძებს მამაკაცს, შავი მეთევზის ქუდში, რომელმაც შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებით (ჭანჭიკებითა და ქანჩებით) სავსე ზურგჩანთა დატოვა და შემთხვევის ადგილიდან საფრანგეთის მიმართულებით გაიქცა.
ვინ არის რეალური მსხვერპლი?
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ოლიგარქთან ერთად მძიმედ დაშავდა მისი მეუღლე, ანა ერმოლაევაც. თუმცა, მოგვიანებით თავად ანამ უკრაინულ მედიასთან საუბარში ეს ცნობა უარყო და აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს სხვა ადგილას იმყოფებოდა:
“ჩვენ ამჟამად უმძიმესი სტრესის მდგომარეობაში ვართ და აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან,“ - განაცხადა მან.
როგორც გაირკვა, აფეთქებისას მძიმედ დაშავდა სრულიად სხვა ქალი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება. მას ნიცის საავადმყოფოში კიდურების ამპუტაცია დასჭირდა და მისი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია. დაშავებულია მისი 13 წლის ვაჟიც, რომელიც აფეთქების ტალღამ თითქმის 15 მეტრზე მოისროლა - არსებობს ვარაუდი, რომ დედა მას საკუთარი სხეულით გადაეფარა. მოზარდის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
კრიმინალური კვალი და 100-მილიონიანი თაღლითობა
უკრაინული და ფრანგული სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ეს სისხლიანი თავდასხმა პირდაპირ უკავშირდება უკრაინაში, კერძოდ დნიპროში მოქმედ ე.წ. „ბოილერ რუმების“ (თაღლითური ქოლ-ცენტრების) გლობალურ ქსელს.
გამოძიების თანახმად, ეს ორგანიზებული დაჯგუფება 2019-2022 წლებში ყალბი კრიპტოვალუტის პლატფორმებითა და ფიქტიური იურიდიული მომსახურებით გერმანიის, ესტონეთისა და უკრაინის მოქალაქეებს სძალავდა ფულს. სქემამ ევროპელ ინვესტორებს 100 მილიონ ევროზე მეტი ზარალი მიაყენა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავად ვადიმ ერმოლაევი ამ ბიზნესის ფინანსურ მხარეს კურირებდა, ქსელის უშუალო ხელმძღვანელი კი მისი ვაჟი, არტური იყო, რომელიც 2025 წლის ბოლოს ინტერპოლმა კვიპროსში დააკავა.
ინსაიდერების თქმით, მკვლელობის მცდელობა, სავარაუდოდ, დნიპროელ კრიმინალურ ავტორიტეტებთან გაუყოფელ ტერიტორიებსა და დაუფარავ ვალებს უკავშირდება. თავად ერმოლაევები ყოველგვარ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათი ბიზნესი სრულიად ლეგალურია.
ოლიგარქის წარსული და რეაქცია მონაკოში
ვადიმ ერმოლაევმა ქონება პოსტსაბჭოთა პერიოდში დააგროვა, თუმცა უკრაინა დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა და მოგვიანებით კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო. 2023 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას სანქციები დააკისრა, რადგან ოკუპირებულ ყირიმში მისი სასმელების ბიზნესი კვლავ აგრძელებდა მუშაობას რუსული ბაზრისთვის. გარდა ამისა, ის იყო ესტონური ბანკის (Versobank) თანამფლობელი, რომელსაც ლიცენზია ფულის გათეთრების გამო ჩამოერთვა.
ბოლო წლებში ოჯახი მონაკოში დემონსტრაციული ფუფუნებით ცხოვრობდა - ოლიგარქი ცნობილი იყო თავისი ბენტლითა და უკრაინის დროშით მცურავი სუპერ-იახტით.
მონაკოს პრინცმა ალბერტ II-მ მომხდარს „საძაგელი აქტი“ უწოდა: „მონაკოს სამთავრო დარჩება ერთიანობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე. ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება ყოველთვის იყო და იქნება მთავარი პრიორიტეტი, მიუხედავად ნებისმიერი მუქარისა,“ - აღნიშნა მონაკოს მმართველმა.
მიუხედავად ქვეყნის დამოუკიდებლობისა, მონაკოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დიდწილად პარიზს ეკისრება და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც უკვე ჩართულია დამნაშავის ძებნის ოპერაციაში.
წაიკითხეთ ასევე:
ძლიერი აფეთქება მონაკოს მდიდრულ აპარტამენტში - უკრაინელი მილიარდერი სიცოცხლისთვის იბრძვის, მისმა მეუღლემ ორივე ფეხი დაკარგა: დეტალები