← მთავარი
სამართალი

გამოძიების სკანდალური ვერსია მონაკოში მომხდარ აფეთქებაზე: "ეჭვმიტანილი 30 წლამდე ქალია, დანაშაულის ჩადენისას კაცის ფორმა ეცვა" - რას უკავშირებენ თავდასხმას

3 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
გამოძიების სკანდალური ვერსია მონაკოში მომხდარ აფეთქებაზე:

მონაკოს პოლიცია და ინტერპოლი „წითელი ცირკულარით“ ეძებენ შეიარაღებულ და სახიფათო ქალს, რომელმაც ორშაბათს საღამოს, მდიდრული საცხოვრებელი კორპუსის კიბეებზე ზურგჩანთაში დამალული ბომბი ააფეთქა. თავდასხმის სამიზნე უკრაინელი მულტიმილიონერი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახი იყვნენ.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 58 წლის ოლიგარქი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის, ხოლო მის 46 წლის საყვარელს, ანა ნასობინას, ექიმებმა ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს. დაშავდა მათი 13 წლის ვაჟიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორ მოამზადა თავდამსხმელმა სისხლიანი ანგარიშსწორება?

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ეჭვმიტანილი - 30 წლამდე უკრაინელი ქალია, რომელიც მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა - შემთხვევის ადგილას ჯერ კიდევ აფეთქების დღეს, დილით გამოჩნდა ტერიტორიის დასაზვერად.

საღამოს 21:00 საათისთვის კი, შავი ქუდითა და მამაკაცის ტანსაცმლით შენიღბულმა, ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ჩანთა სახლის შესასვლელთან დატოვა. თვითმხილველების თქმით, მან ბომბი მობილური ტელეფონით, დისტანციურად ააფეთქა, როცა თავად დაახლოებით 12 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა, რის შემდეგაც ფეხით, დიდი სიჩქარით მიიმალა საფრანგეთის საზღვრის მიმართულებით.

„ის შეიარაღებულია, ძალიან სახიფათოა და სავარაუდოდ, თანამზრახველებთან ერთად გადაადგილდება. მასთან მიახლოება კატეგორიულად აკრძალულია“, - აფრთხილებს პოლიცია მოსახლეობას. ვარაუდობენ, რომ მან უკვე გადაკვეთა საფრანგეთისა და იტალიის საზღვრები და შესაძლოა, ბალკანეთს აფარებდეს თავს.

ვინ არის ვადიმ ერმოლაევი და რას უკავშირდება თავდასხმა?

ვადიმ ერმოლაევი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, რომელმაც ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დნიპროში უძრავი ქონების ბიზნესითა და ყირიმში ალკოჰოლური სასმელების წარმოებით დააგროვა. 2019 წელს მან კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო და უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) იმ „შავ სიაშიც“ მოხვდა, სადაც ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქები შეიყვანეს. 2023 წელს უკრაინამ მას სანქციები დაადო და აქტივები გაუყინა.

ბოლო წლებში ერმოლაევი მონტე-კარლოში უკრაინული ნომრებით მოძრავი „ბენტლით“, სუპერ-იახტითა და საფრანგეთის რივიერაზე მდებარე დაცული ვილით იყო ცნობილი.

გამოძიების ორი ძირითადი ვერსია

საფრანგეთისა და მონაკოს სამართალდამცველებმა საქმე მკვლელობის მცდელობისა და კრიმინალური შეთქმულების მუხლებით აღძრეს. ამ ეტაპზე გამოძიება ორ მთავარ ვერსიაზე მუშაობს:

კრიმინალური შურისძიება (თაღლითური ქოლ-ცენტრები): პოლიცია ეჭვობს, რომ თავდასხმა უკავშირდება ოლიგარქის უფროს ვაჟს, არტურს. არტური შარშან კვიპროსში დააკავეს და ესტონეთში გადასცეს, სადაც მას ევროკავშირის მოქალაქეებისგან ე.წ. „ფეიქ ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით 100 მილიონზე მეტი ევროს გამოძალვა დაუმტკიცდა. ბომბი შესაძლოა კონკურენტი კრიმინალური დაჯგუფების შურისძიება ყოფილიყო გადაუხდელი ვალების გამო.

უკრაინის სპეცსამსახურების კვალი: გამომძიებლები არ გამორიცხავენ ვერსიას, რომ თავდასხმა შესაძლოა ორგანიზებული ყოფილიყო უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ, ქვეყნიდან გაქცეული და სანქცირებული ოლიგარქის დასასჯელად.

წაიკითხეთ ასევე:

ცნობილი ხდება უკრაინელი ოლიგარქის თანმხლების ქალის ვინაობა, რომელმაც მონაკოში მომხდარი ტერაქტის დროს ფეხები დაკარგა - ვინ არის ანა ნასობინა?

← მთავარი