აფეთქება მონაკოში - მძიმედ დაჭრილებს შორისაა უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი, რომელიც კიევის სანქციების ქვეშ იმყოფება
29 ივნისს, საღამოს, დაახლოებით ცხრა საათზე, მონაკოში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. დაშავდა სამი ადამიანი -50-60 წლის მამაკაცმა და ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, ასევე მსუბუქად დაშავდა 13 წლის მოზარდი.
ამის შესახებ Le Monde AFP-ზე და მონაკოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. ოფიციალურად დაზარალებულთა ვინაობა არ სახელდება.
მოგვიანებით BFM-TV-მ, Nice-Matin-მა და AFP-მ გავრცელეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მძიმედ დაჭრილი ვადიმ ერმოლაევია - უკრაინელი ბიზნესმენი, რომელიც მონაკოში ცხოვრობს. ასევე დაშავდა მისი პარტნიორი ქალი. 2023 წლის დეკემბრიდან იგი უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება. როგორც Le Monde წერს, სანქციები უკავშირდება იმას, რომ ის ანექსირებულ ყირიმში ალკოჰოლური სასმელების ბიზნესს აგრძელებდა.
მონაკოს მთავრობის ხელმძღვანელმა, კრისტოფ მირმანმა განაცხადა, რომ საქმე, „როგორც ჩანს“, ტერაქტს ეხება. ხელისუფლების ინფორმაციით, უცნობმა პირმა შენობის ჰოლში ჩანთა ან ამანათი დატოვა და წავიდა. სავარაუდოდ, მოწყობილობა ჭანჭიკებსა და საფანტს შეიცავდა. ეჭვმიტანილს ფრანგული პოლიციის მონაწილეობით ეძებენ.
2021 წელს ერმოლაევს 21-ე ადგილი ეკავა Forbes-ის 100 ყველაზე მდიდარი უკრაინელის სიებში. „РБК-Украина“ წერს, რომ 2013 წელს მან უარი თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე და კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო. 2023 წელს ზელენსკიმ მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა.