მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა ალექსანდრუ მუნტიანუმ. მისი პრემიერობა ერთ წელსაც არ გაგრძელდა.
ალექსანდრუ მუნტიანუმ გადადგომის გადაწყვეტილება 3 ივლისს გამოაცხადა.
მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მოლდოვის პრემიერ-მინისტრად მუშაობის წინადადებას დასთანხმდა დიდი პასუხისმგებლობით და მტკიცე რწმენით, რომ შეეძლო სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ თავისი პრინციპებისა და რწმენის შესაბამისად ამ როლის შესრულებას ვეღარ შეძლებს, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, მთავრობის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ალექსანდრუ მუნტიანუ არანაირ დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.
ეკონომისტი ალექსანდრუ მუნტიანუ, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გახდა 2025 წლის 1 ნოემბერს.
მისი, როგორც მართვის დიდი გამოცდილების მქონე კარგი ეკონომისტის კანდიდატურა მოლდოვის პარლამენტის უმრავლესობამ წარადგინა და დაამტკიცა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მაია სანდუმ ოფიციალურად დანიშნა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად.
მუნტიანუს გადადგომას წინ უძღოდა მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული სკანდალი. მას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და მფრინავის ყალბი მოწმობა აღმოუჩინეს.
გარდა ამისა, გასულ კვირაში მოლდოვის მთავრობამ საგადასახადო სფეროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ გამოაცხადა, რასაც საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.