← მთავარი
მსოფლიო

მოლდოვაში რუსული კულტურის ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა

5 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
მოლდოვაში რუსული კულტურის ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა

მოლდოვაში რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრმა, „რუსულმა სახლმა“ მუშაობა შეწყვიტა. მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთთან კულტურის ცენტრებთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების მოქმედების ვადა აღარ გაახანგრძლივა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დაქვემდებარებული ფედერალური სააგენტო, როსსოტრუდნიჩესტვო იტყობინება.

„იძულებულები ვართ, ღრმა მწუხარებით შეგატყობინოთ, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისიდან კიშინიოვში „რუსული სახლი“ დაიხურება“. - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კულტურის ცენტრის წარმომადგენელი მოლდოვაში რუსეთის საელჩოში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო „რუსული სახლის“ საქმიანობის ნაწილს მოლდოვაში რუსეთის საელჩო შეითავსებს.

„მოლდოვაში რუსეთის საელჩოს შემადგენლობაში ჩვენს წარმომადგენელს ვინარჩუნებთ. რუსეთის ფედერაციის მთავრობის კვოტებით რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლებლად უცხოელი სტუდენტების შერჩევაზე მუშაობა არ წყდება. ასევე იგეგმება საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში სხვა ღონისძიებებიც ჩატარება“. - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასული წლის თებერვალში მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიშინიოვში რუსული კულტურის ცენტრი დაიხურებოდა. სამინისტრომ გადაწყვეტილება მოლდოვის საჰაერო სივრცეში შემოფრენილი დრონების გამო მიიღო.

13 თებერვალს მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენიმე რუსულმა დრონმა დაარღვია, მოგვიანებით უპილოტო საფრენი აპარატები ტარაკლიის რაიონში ჩამოვარდა.

მოგვიანებით, გასული წლის ნოემბერში მოლდოვის მთავრობამ მხარი დაუჭირა „კულტურული ცენტრების შექმნასა და ოპერირების შესახებ მოლდოვასა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების გაუქმებას”, რის შედეგადაც დაიხურა „რუსული სახლი“.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის თებერვალში „რუსულმა სახლმა“ მუშაობა აზერბაიჯანშიც შეწყვიტა.

← მთავარი