ალექსანდრუ მუნტიანუმ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება 3 ივლისს გამოაცხადა.
მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მოლდოვის პრემიერ-მინისტრად მუშაობის წინადადებას დასთანხმდა დიდი პასუხისმგებლობით და მტკიცე რწმენით, რომ შეეძლო სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ თავისი პრინციპებისა და რწმენის შესაბამისად ამ როლის შესრულებას ვეღარ შეძლებს, პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა.
რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, მთავრობის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ალექსანდრუ მუნტიანუ დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.
ეკონომისტი ალექსანდრუ მუნტიანუ, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გახდა 2025 წლის 1 ნოემბერს.
მისი, როგორც მართვის დიდი გამოცდილების მქონე კარგი ეკონომისტის კანდიდატურა მოლდოვის პარლამენტის პროევროპულმა უმრავლესობამ წარადგინა და დაამტკიცა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მაია სანდუმ ოფიციალურად დანიშნა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად.
მუნტიანუს გადადგომას წინ უძღოდა მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო საწარმო MoldATSA-ს ხელმძღვანელობის მიერ უფლებამოსილების გადამეტებასა და სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის გამოც პრეზიდენტმა სანდუმ მოითხოვა სახელმწიფო დაწესებულებებში „გენერალური წმენდა” და სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემის რეფორმირება.
გარდა ამისა, გასულ კვირაში მოლდოვის მთავრობამ საგადასახადო სფეროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ გამოაცხადა, რასაც საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ალექსანდრუ მუნტიანუს გადადგომის შემდეგ, 3 ივლისს კიშინიოვში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა მაია სანდუმ უარყო, რომ მუნტიანუს მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
სანდუს ინფორმაციით, მომავალ კვირაში საპარლამენტო ფრაქციებთან გამართავს კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარსადგენად.
მუნტიანუს გადადგომის შემდეგ ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მას გაწევრებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ევროკავშირმა 15 ივნისს გაუხსნა.