მოადგილე მინისტრებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ
მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტს ინიციატივა წარუდგინა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონის შესაცვლელად. ამჟამად სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევათ — ეს შეზღუდვა ვრცელდება მთავრობის წევრებზე, სახელმწიფო რწმუნებულებზე, მერებზე და მათ მოადგილეებზე.
ვის ეხება ცვლილება: მინისტრთა მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულთა მოადგილეებს და მერთა მოადგილეებს.
სახელფასო დანამატი გაიცემა: ზეგანაკვეთური სამუშაოს, დამატებითი ფუნქციების შესრულების, ღამის საათების, დასვენება-უქმე დღეების სამუშაოს ან ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი პირობებისთვის.
ფულადი ჯილდო გაიცემა: მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი კეთილსინდისიერი სამსახურის ან განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის.
ორივე სახის ანაზღაურება ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში გაიცემა.
„ცვლილებებით გათვალისწინებულ პირთა წრე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს უწყებათა ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული ამოცანების ჯეროვნად შესრულებაში. მათი მატერიალური სტიმულირების შესაძლებლობა შრომის წახალისების მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება,” — ვკითხულობთ კანონის განმარტებით ბარათში.