← მთავარი
სამართალი

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ირაკლი მხეიძეს პატიმრობა შეეფარდა

26 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ირაკლი მხეიძეს პატიმრობა შეეფარდა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი მხეიძეს და 19 პირს პატიმრობა შეეფარდათ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ირაკლი მხეიძე 2023 წლის ივლისში დაინიშნა. 2022-2023 წლებში ის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე იყო ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იყო. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში შევიდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ჯამში 56 მილიონ ერთეულ აბზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი, რამაც რიგ შემთხვევებში ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობას სხვადასხვა სიმძიმის საფრთხე შეუქმნა. საქმის პროკურორის, გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, მხეიძე დანაშაულებრივ ჯგუფს ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციაში უწყობდა ხელს. “ბრალდება წარედგინა 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სასამხურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე მათ ხელს უწყობდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციაში და არ ახორციელებდა შესაბამის სამართალდარღვევებზე შესაბამის რეაგირებას,” — განაცხადა პროკურორმა “ტვ პირველთან” საუბრისას. 24 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლების უკანონო ვაჭრობის საქმეზე გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის და უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის 17 პირი დააკავეს, 3-ზე ძებნა გამოცხადდაა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს. ₾54 მლნ-მდე ღირებულების ფსიქოტროპული წამლების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს, 3 ძებნაშია

← მთავარი