← მთავარი
პოლიტიკა

გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი

22 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი

„მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან, რას იქმან.“ ქრისტეს ეს სიტყვები ორი ათასი წელია მეორდება. იმდენად ხშირად, რომ თითქოს ჩვეული გახდა. არადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამავდროულად ყველაზე მოწყალე ფრაზაა, რაც კაცობრიობას მოუსმენია. იგი ჯვარზეა. მის წინ დგანან ადამიანები, რომლებმაც სიკვდილისთვის გაიმეტეს. ზოგი დასცინის, ზოგი უყურებს, ზოგი კმაყოფილია, ზოგი გულგრილი. და სწორედ მათზე ამბობს: „მიუტევე მათ, რადგან არ იციან, რას იქმან.“ ყურადღება მივაქციოთ - ქრისტე არ ამბობს, რომ მათ არ იციან რას აკეთებენ. მათ კარგად იციან, რომ ადამიანს ჯვარს აცვამენ. იციან, რომ ამცირებენ, სცემენ, კლავენ. მაგრამ არ იციან, რას იქმან. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. არ იციან თავიანთი ქმედების ჭეშმარიტი არსი. არ იციან ვის წინაშე დგანან. არ იციან რას ანადგურებენ საკუთარ თავში. არ იციან რა შედეგს ტოვებენ საკუთარ სულში. სწორედ ამიტომ ითხოვს მათთვის შენდობას. სახარებაში კიდევ ერთი ფრაზა გვხვდება: „თვალნი აქვთ და ვერ ხედავენ, ყურნი აქვთ და ვერ ესმით.“ საუკუნეების განმავლობაში ეს სიტყვები სულიერი სიბრმავის სიმბოლოდ განიხილებოდა. ადამიანის მდგომარეობად, როდესაც ჭეშმარიტება მის წინ დგას, მაგრამ იგი ვერ ცნობს მას. არის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა. როდესაც ადამიანი ხედავს და აცხადებს, რომ ვერ ხედავს. როდესაც ესმის და აცხადებს, რომ არ ესმის. როდესაც იცის და მაინც ისე იქცევა, თითქოს არ იცოდეს. ეს უკვე აღარ არის სიბრმავე. ეს არჩევანია. ქრისტეს ჯვარმცმელნი შესაძლოა, მართლაც ვერ ცნობდნენ იმას, ვის ჯვარცმაში მონაწილეობდნენ. მაგრამ ჩვენ? ჩვენ, რომლებიც ორი ათასი წლის ქრისტიანული ისტორიის შემდეგ ვცხოვრობთ? ჩვენ, რომლებიც ყოველდღე ვსაუბრობთ სიკეთეზე, სამართლიანობაზე, სიყვარულზე, სინდისზე? რამდენჯერ ვდგავართ ჭეშმარიტების წინაშე და მაინც უარს ვამბობთ მის აღიარებაზე? რამდენჯერ ვამართლებთ იმას, რაც ვიცით, რომ უსამართლოა? რამდენჯერ ვირჩევთ პირად სარგებელს საერთო სიკეთის ნაცვლად? რამდენჯერ ვთამაშობთ მორწმუნის, პატრიოტის, სამართლიანის როლს, მაშინ როდესაც საკუთარი სინდისის პასუხი წინასწარ ვიცით? ყველაზე საშიში ცოდვა, შესაძლოა, არც მკვლელობა იყოს, არც ქურდობა და არც მრუშობა. რადგან მკვლელმა იცის, რომ კლავს. ქურდმა იცის, რომ იპარავს. მრუშმა იცის, რომ ღალატობს. მაგრამ არსებობს ცოდვა, რომელიც ყველა დანარჩენს წინ უძღვის - ჭეშმარიტების უარყოფა მაშინ, როდესაც ის უკვე დანახული გაქვს. სწორედ ამიტომ არის სახარებაში ასეთი მძიმე სიტყვები ადამიანებზე, რომლებსაც „თვალნი აქვთ და ვერ ხედავენ“. რადგან პრობლემა თვალების არქონა არ არის. პრობლემა ის არის, რომ დანახვა არ სურთ. და აქედან იწყება ჩვენი ეპოქის ტრაგედიაც. ეს ეხება პოლიტიკოსს, რომელიც იცის, რომ ატყუებს ხალხს და მაინც აგრძელებს. ეს ეხება მოხელეს, რომელიც იცის, რომ უსამართლობას ემსახურება და მაინც ხელს აწერს. ეს ეხება ბიზნესმენს, რომელიც იცის, რომ სხვისი გაჭირვებით მდიდრდება და მაინც აგრძელებს. ეს ეხება სასულიერო პირსაც, როდესაც ქრისტეს სახელით საუბრობს, მაგრამ ქრისტეს სულისკვეთებას ემიჯნება. რადგან რელიგიური სამოსი, პოლიტიკური თანამდებობა ან საზოგადოებრივი ავტორიტეტი ადამიანს ჭეშმარიტების წინაშე პასუხისმგებლობისგან ვერ ათავისუფლებს. პირიქით. რაც მეტია ცოდნა, მით ნაკლებია გამართლება. ქრისტემ შენდობა ითხოვა მათთვის, რადგან არ იცოდნენ, რას იქმოდნენ. მაგრამ ისტორიის ყველაზე მძიმე კითხვაა: რა ხდება მაშინ, როდესაც იცი? როდესაც ხედავ. როდესაც გესმის. როდესაც აცნობიერებ. და მაინც იქმ. მოკალი ქრისტე, რადგან მაშინ აღარ დაგჭირდება საკუთარი საქციელის შეფასება. აღარ დაგჭირდება სინდისთან კამათი. აღარ დაგჭირდება პასუხის გაცემა კითხვაზე - სწორია თუ არა ის, რასაც იქმ. ქრისტე ხომ მხოლოდ რწმენის საგანი არ არის. იგი საზომიცაა. იგი მუდმივი კითხვაა ადამიანის წინაშე. სწორედ ამიტომ არის მისი არსებობა მძიმე მათთვის, ვინც ზუსტად იცის, რასაც იქმს. ამ ლოგიკით დღესაც უამრავი პოლიტიკოსი, სასულიერო თუ საჯარო პირი კვლავ ჯვარს აცვამს მაცხოვარს. არა იმიტომ, რომ ვერ იცნო. არა იმიტომ, რომ არ ესმის. არა იმიტომ, რომ არ ხედავს. პირიქით. ხედავს, ესმის და იცის. იცის, როდესაც ატყუებს. იცის, როდესაც უსამართლობას ამართლებს. იცის, როდესაც სხვისი ტკივილით საკუთარ კეთილდღეობას აშენებს. იცის, როდესაც ღვთის სახელს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. იცის, როდესაც საკუთარ ძალაუფლებას, სტატუსს, გავლენას ან კომფორტს ადამიანურ ღირსებაზე მაღლა აყენებს. და სწორედ ამიტომ ცდილობს თავიდან მოიშოროს მსაჯული. რადგან ყველაზე საშიში არა ის მსაჯულია, რომელიც სასამართლოში ზის, არამედ ის, რომლის მოტყუებაც შეუძლებელია. ეს არის დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სენი - არა უღმერთობა, არა უცოდინრობა, არამედ შეგნებული თვითმოტყუება. ქვეყანის მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს, ხშირად ყველაზე მეტად სწორედ ქრისტეს სიტყვებისგან გარბის. ჩვენი უბედურება ის კი არ არის, რომ ვერ ვხედავთ. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ვხედავთ, გვესმის, ვიცით და მაინც ისე ვიქცევით, თითქოს არ ვიცოდეთ, რას ვიქმთ. და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე მძიმე ცოდვა არც სიბრმავე იყოს და არც უგუნურება. არამედ ჭეშმარიტების გაცნობიერების შემდეგ მისი შეგნებული უარყოფა. რადგან იქ, სადაც ადამიანი უკვე ხედავს, უკვე ესმის, უკვე იცის და მაინც ირჩევს სიცრუეს, უსამართლობას, ძალადობას, დევნას - მერე რა რომ მათთვის განსხვავებულების და ანგარებას  იქ აღარ ისმის ქრისტეს სიტყვები: „არ იციან, რას იქმან.“ იქ ადამიანი თავად ამბობს: „ვიცი.“ და მაინც იქმს. მაგრამ რატომ იქმს? რატომ აგრძელებს ადამიანი იმას, რაც იცის, რომ უსამართლოა? რატომ ამბობს ტყუილს, როდესაც სიმართლე იცის? რატომ ემსახურება ბოროტებას, როდესაც სიკეთის ფასი ესმის? რატომ სწირავს სხვების ბედს საკუთარ კეთილდღეობას? პასუხი, შესაძლოა, იმაზე უფრო მარტივი და იმაზე უფრო საშიში იყოს, ვიდრე გვგონია. რადგან ქრისტე მხოლოდ მხსნელი არ არის. ქრისტე საზომია. ქრისტე სარკეა. ქრისტე მსაჯულია. მისი არსებობა მუდმივი შეხსენებაა იმისა, რომ არსებობს სიმართლე, რომელსაც ვერ გადააკეთებ. არსებობს სიკეთე, რომელსაც ვერ დაარქმევ ბოროტებას. არსებობს სინდისი, რომლის დადუმებაც შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ცოდვის გაქრობა სურს, საბოლოოდ ქრისტე უშლის ხელს. მას არ სურს სინდისი. არ სურს შეფასება. არ სურს პასუხისგება. არ სურს მსაჯული. და მაშინ ყველაზე მარტივი გამოსავალი რჩება: მოკალი ქრისტე. მოკალი ქრისტე საკუთარ თავში. მოკალი საზომი, რომელიც განგსჯის. მოკალი ხმა, რომელიც გეუბნება, რომ ტყუი. მოკალი სარკე, რომელშიც საკუთარი სახის დანახვა აღარ გინდა. მოკალი იგი და მერე ყველაფერი დასაშვები გახდება: მაშინ ქურდობა საჭიროებად გადაიქცევა; მაშინ სიცრუე პოლიტიკად გადაიქცევა; მაშინ ანგარება სიბრძნედ გადაიქცევა; მაშინ ღალატი პატრიოტიზმად გადაიქცევა; მაშინ ცოდვა სათნოებად გადაიქცევა. რადგან აღარავინ დარჩება, ვინც გკითხავს:„რას იქმ?“ სწორედ ამიტომ არის ქრისტეს მოკვლის სურვილი კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ცდუნება. არა იმიტომ, რომ ადამიანები ღმერთს ებრძვიან. არამედ იმიტომ, რომ მსაჯულის გარეშე დარჩენა სურთ. სურთ ირწმუნონ, რომ თუ ქრისტეს ჯვარზე მეორედ გააკრავენ, თუ მის სიტყვებს დაახშობენ, თუ მის სახელს საკუთარ ინტერესებს მოარგებენ, მაშინ თავისუფლები იქნებიან. სწორედ აქ არის ყველაზე დიდი შეცდომა. რადგან ქრისტეს მოკვლით ადამიანი მსაჯულს ვერ იშორებს. ის მხოლოდ საკუთარ სინდისს კლავს. და სწორედ იმ წუთიდან იწყება საზოგადოების, სახელმწიფოსა და ადამიანის ნამდვილი დაცემა. რადგან როდესაც „ხატად თვისად“ შექმნილი ცდილობ ღმერთი მოკლა საკუთარ თავში, რეალურად ღმერთს ვერ კლავ. კლავ საკუთარ თავს. კლავ უნარს, გაარჩიო სიკეთე და ბოროტება. კლავ სირცხვილს. კლავ სინანულს. კლავ სიყვარულს. კლავ ჭეშმარიტებას. და ბოლოს კლავ იმას, რაც ადამიანად გაქცევს. ამიტომაც ქრისტეს ჯვარცმა მხოლოდ ორი ათასი წლის წინ მომხდარი ამბავი არ არის. იგი ყოველ ეპოქაში მეორდება, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ სიმართლეზე მაღლა საკუთარი ძალაუფლება დგას, რომ სინდისზე მაღლა საკუთარი კეთილდღეობა დგას და რომ ღმერთზე მაღლა საკუთარი ნებაა. სწორედ მაშინ ის კვლავ იღებს ხელში ლურსმანს. და კვლავ ჯვარს აცვამს ქრისტეს. არა იმიტომ, რომ არ იცის, რას იქმს. არამედ იმიტომ, რომ იცის.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

← მთავარი