დიდი გზის დასაწყისი — თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი წელსაც გაიხსნა
ზაფხულის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა საფეხბურთო მოვლენამ სტარტი აიღო — თბილისში, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში A.C. Milan-ის ოფიციალური საფეხბურთო კემპი „Milan Junior Camp Tbilisi“ დაიწყო.
ეს უნიკალური შესაძლებლობაა 6-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის, ივარჯიშონ „მილანის“ აკადემიის ოფიციალური მწვრთნელების ხელმძღვანელობით და გაიარონ ზუსტად ის პროგრამა და მეთოდოლოგია, რომლითაც იტალიური გრანდის აკადემიაში მომავალი ფეხბურთელები იზრდებიან. კემპი 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მისი მონაწილეები მიიღებენ:
„მილანის“ ოფიციალურ ეკიპირებას; საერთაშორისო სერტიფიკატს; ევროპული საფეხბურთო გარემოს გამოცდილებას; და შესაძლებლობას, მოხვდნენ „მილანის“ სკაუტების ყურადღების ცენტრში.
როგორც A.C. Milan-ის კემპის პარტნიორი მალხაზ მუსერიძე აღნიშნავს, პროექტის მიმართ ინტერესი გაიზარდა და შარშანდელი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.
„წელს კემპის მონაწილეთა რაოდენობამ, დაახლოებით, 220 ბავშვს მიაღწია. ეს პროგრამა ბავშვებს დიდ პერსპექტივასაც უხსნის: „მილანი“ საერთაშორისო ფორმატით აწარმოებს სელექციას და მუდმივად აკვირდება ახალგაზრდა ტალანტებს. შარშან „მილანთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში სრულფასოვანი აკადემიის გახსნას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ეს სკრუპულოზური პროცესია და უამრავ დეტალს მოიცავს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ შრომის შედეგს მალე ვიხილავთ,“ — აცხადებს მალხაზ მუსერიძე. „Milan Camp Tbilisi 2026“-ის ორგანიზატორისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი ფოფხაძის თქმით, გასულ წელს ჩატარებულმა კემპმა იტალიელი მწვრთნელების მოლოდინსაც გადააჭარბა. „მილანის“ ოფიციალურ მწვრთნელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი კემპი აქვთ ჩატარებული, თუმცა თავად აღნიშნეს, რომ საქართველოში ისეთი მომზადებული და ნიჭიერი ბავშვები დახვდათ, როგორიც სხვაგან იშვიათად უნახავთ. პირდაპირ თქვეს — საოცარი თაობა მოდისო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასეთი პროექტები არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ თავად „მილანისთვისაც“ საინტერესოა,“ — ამბობს ფოფხაძე. მისივე თქმით, იტალიელი სპეციალისტები გასულ წელს მონაწილე მოზარდებს ახლაც აქტიურად აკვირდებიან და რამდენიმე ბავშვი უკვე მონიშნულიც ჰყავთ, თუმცა არსებული რეგულაციების გამო, 18 წლამდე მოთამაშეების უცხოეთში გადაყვანა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. „საქართველოში ჩვენ გვაქვს სააგენტო, სადაც ბევრი ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ასევე ახალგაზრდული ნაკრების… არ მინდა, რომ სახელები და გვარები ჩამოვთვალო — ვინც ერკვევა, ალბათ მიხვდება… მაგალითად, შარშანდელი კემპის შემდეგ ორ ბავშვთან დავიწყეთ ურთიერთობა. აქედან ერთი ბორჯომელი ბავშვია და გაოცებულები ვართ მისი სპორტული უნარებითა და მონაცემებით. ის ჯერ მხოლოდ 9 წლის არის,“ — აცხადებს გიორგი ფოფხაძე. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მთავარი მიზანი მხოლოდ ერთკვირიანი საფეხბურთო გამოცდილება არ არის. საუბარია იმაზე, რომ ქართველმა ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახონ ევროპული საფეხბურთო სტანდარტი — დისციპლინა, გუნდური მუშაობა, ტაქტიკური აზროვნება და პროფესიონალური გარემო, სადაც მსოფლიო ფეხბურთის მომავალი იზრდება. „მეც ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს „მილანი“, რამხელა კლუბია და რამხელა ბედნიერებაა, გეცვას „მილანის“ მაისური და ერთი კვირის განმავლობაში გამოცდილებას პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად იღებდე… ალბათ ეს ერთი კვირა ჩვენი მომავალი თაობისთვის კიდევ უფრო განსხვავებული და დაუვიწყარი იქნება. ბავშვები ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ. მე, მაგალითად, იმ ასაკში ასეთ კემპში რომ მიმეღო მონაწილეობა, მგონია, მომავალში ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრამპლინი იქნებოდა. აქ სწავლობენ დისციპლინას, გუნდურ და ტაქტიკურ მუშაობას… მომავალში ეს მოზარდებს ძალიან დაეხმარებათ,“ — ამბობს ფოფხაძე. აღსანიშნავია, რომ, როგორც შარშან, ისე წელს, პროექტის მხარდამჭერია საქართველოში იტალიის საელჩო, იტალიური სპორტის დღეების ფარგლებში. R(0) / (0)