მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 30 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ამავე ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი დაკრძალვის ცერემონიას რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.
მანამდე, 29 ივნისს, თეირანში დაფუძნებულმა West Asia News Agency (WANA) განაცხადა, რომ ყაველაშვილი დაკრძალვის ცერემონიას „ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად დაესწრება“. ამავე ინფორმაციით, ირანში ასევე ჩავლენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და ყატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები.
86 წლის ხამენეი აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 28 თებერვალს, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებისას დაიღუპა. WANA-ს ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონია 4 ივლისს დაიწყება, ხოლო 9 ივლისს, ხამენეის თავის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
ყაველაშვილის დაგეგმილი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და თბილისსა და თეირანს შორის კავშირებისადმი მზარდი ყურადღების ფონზე ხორციელდება. 2 მარტს „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანს, ასევე ისრაელს და განაცხადა, რომ „მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა“.
10 მარტს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად „არჩევა“ მიულოცა.