მიხეილ ყაველაშვილი: ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ადამიანის პარტნიორი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში
„ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ადამიანის პარტნიორი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში“, — ამის შესახებ ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ხელოვნური ინტელექტის მომავალი თაობების სამსახურში დაყენება და ეგზისტენციალური რისკების ეფექტიანი პრევენცია გადამწყვეტია უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი ციფრული მომავლის ფორმირებისთვის“.
„ჩვენი უპირველესი ამოცანაა ამ ციფრული სისტემების ადამიანურ ღირებულებათა შესაბამისობაში მოყვანა, რათა ხელოვნური ინტელექტი გახდეს ადამიანური პოტენციალის გაფართოების, ინოვაციებისა და კაცობრიობის პროგრესის კატალიზატორი.
ხელოვნური ინტელექტი უნდა იქცეს სამყაროს შემეცნებისა და უდიდესი სამეცნიერო გარღვევების ინსტრუმენტად, რომელსაც შეუძლია გარდატეხა მოახდინოს მედიცინაში, ბიოლოგიაში, კვანტურ ფიზიკაში, დაძლიოს აქამდე განუკურნებელი დაავადებები, აღმოფხვრას სიღარიბე, ეფექტიანად უპასუხოს კლიმატურ გამოწვევებს და გადაჭრას კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველაზე რთული ფილოსოფიური კითხვები.
ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ადამიანის პარტნიორი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ საერთაშორისო თანამშრომლობა. ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი ღია, თავისუფალი, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული მომავლისთვის, რომელიც გარანტირებულად დაიცავს ადამიანის ღირსებასა და მის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორც ფიზიკურ, ისე ვირტუალურ სამყაროში.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გაეროს გლობალური ციფრული კომპაქტის ეფექტიან რეალიზებას. მე მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, საქართველოს სახელით მონაწილეობა მივიღო ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე პირველ, ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის გლობალურ დიალოგში“, — განაცხადა ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა.