პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან ერთობლივი ოპერაციით თაღლითური საემიგრაციო სქემები გამოავლინა
საქართველოს პროკურატურამ 2 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა. ჯგუფები ამერიკაში მისვლის მსურველ ქართველ მოქალაქეებს ყალბი ქეისებისა და დოკუმენტების სანაცვლოდ ათასობით დოლარს სძარცვავდნენ.
ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, რომ ამერიკაში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე ოთხი ქართველი მოქალაქე ორგანიზებულ ჯგუფად შეეკება — ქვეყნიდან გასვლის მსურველთ „ყალბი ისტორიების” შექმნა, მტკიცებულებების მოგროვება და სასამართლო წარმომადგენლობა შესთავაზეს.
ჯგუფის წევრები ყალბ „ქეისებში” ამოწმებდნენ, „თუ როგორ დევნიდნენ ქართველ მოქალაქეებს სხვადასხვა მიზეზით — მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების ან სექსუალური ორიენტაციის გამო.” ამ ისტორიებს ყალბი დოკუმენტებით ამყარებდნენ. ყალბი „ქეისის” შედგენისთვის 1 000–1 500 დოლარს, ყალბი დოკუმენტებისათვის 3 000 დოლარს, ხოლო საქმის „წარმატებით დასრულებისათვის” 6 000–8 000 დოლარს ითხოვდნენ.
გამოძიებამ 366 ქართველი მოქალაქის ვინაობა დაადგინა, რომლებმაც ამ ჯგუფის სერვისებით ისარგებლეს. ჯგუფის ორი წევრი ამერიკაში პატიმრობაში მყოფ ქართველებსაც „ეხმარებოდა” — ანაზღაურების სანაცვლოდ.
პროკურატურამ 3 პირი დააკავა, 6 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდებები მოიცავს: მოტყუებით დაუფლებას, უკანონო ყოფნის ხელშეწყობას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებასა და ორგანიზებას.
„ეს არის ამერიკელ და ქართველ სამართალდამცველთა რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი,” — განაცხადა ამერიკის საელჩომ და მადლობა გადაუხადა ოპერაციაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს.