ინტერვიუ სლოვაკ მწერალ მიხალ ჰვორეცკისთან: ტროლები, ავტორიტარიზმი და ორი ქვეყნის საერთო ბედი
არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი მიხალ ჰვორეცკი, რომელიც თბილისში კონფერენციას „დებატები ევროპაზე” ესწრება, 13 ივნისს სწორედ საქართველოდან მიმართავს ევროპას. „რადიო თავისუფლება” ჰვორეცკის თბილისში შეხვდა.
— პირველად ხართ საქართველოში?
— კი, და ძალიან მიხარია. სლოვაკეთში დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოს ამბებს — გვესმის, რაც დღეს თქვენთან ხდება, შესაძლოა ჩვენ ხვედრად იქცეს. სამწუხაროდ, სლოვაკეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ოფიციალურად დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლებას.
— რა მოლოდინით ჩამოხვედით?
— მინდა ხალხს მოვუსმინო — როგორ აღიქვამენ ავტორიტარული მმართველობისკენ შემობრუნებას. სლოვაკეთი ოც წელზე მეტია ჰიბრიდული ომის სამიზნეა, და ეს იარაღი ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილზე მუშაობს. ვიცი, რომ ეს ზეწოლა საქართველოში უფრო ძლიერია. პუტინისთვის საქართველო ერთგვარი საცდელი მოდელი იყო.
ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვს: პატარა სახელმწიფოები იმპერიებს შორის, მულტიეთნიკური მეზობლობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. მთავარი განსხვავება ისაა, რომ სლოვაკეთი ევროკავშირსა და ნატოს მოასწრო შეერთება — თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს სამუდამო გარანტია არ არის.
— სლოვაკეთში ცენზურაც ძლიერდება?
— კი. მე და ჩემ ორ კოლეგას — ვიზუალურ არტისტ ილონა ნემეთსა და თეატრის ყოფილ გენდირექტორ მატეი დრლიჩკას — კულტურის მინისტრმა გვიჩივლა საჯარო კრიტიკის გამო. ილონამ და მე მოვიგეთ, მაგრამ თეატრის დირექტორს სასამართლომ კულტურის მინისტრის სახელის საჯაროდ ხსენებაც კი აუკრძალა. „ჰარი პოტერივით” — ვოლდემორის სახელი რომ არ შეიძლება.
— „ტროლი” თქვენი ერთ-ერთი ცნობილი წიგნია. საქართველოშიც ამ ფენომენს ხვდებიან.
— „ტვინების ოკუპაცია” — ასე ვუწოდებ ამ პროცესს. ადამიანი ნელ-ნელა კარგავს კრიტიკული აზროვნების უნარს, სულ უფრო მეტად ეყრდნობა ემოციურ ტრიგერებს. ეს ოდესღაც „ქვეყნებს შეეძლოთ, ახლა — ინდივიდებს. ეს ბევრად უფრო საშიშია.
— რას ურჩევდით საქართველოს?
— სამოქალაქო საზოგადოებას, გაუძლო. ჩვენც ვნახეთ, რომ ზეწოლა ტოვებს კვალს — ადამიანები იღლებიან. მაგრამ ამავე დროს, ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა თაობა, რომლისთვისაც ევროპული ღირებულებები ნამდვილი, ცხოვრებით განცდილი რამ არის. ეს ყველაზე ძლიერი რესურსია.