ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო. ადგილობრივები ყვებიან, რომ 26 წლის კაცს მოზარდების ხმაური აწუხებდა, რის გამოც ერთ-ერთ მათგანს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი სახლიდან ცივი იარაღი გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთი ჭრილობა მიაყენა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს მოზარდს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი — დანა უკვე ამოიღო.
დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. ოჯახის წევრების განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა.
დაკავებულს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.